“ქართული პოლიტიკური კლასის პრობლემათა თავი მაინც ნაკლებად ადეკვატურ და სახელმწიფო ინტერესებს აცდენილ ოპოზიციურ სივრცეში უნდა განვიხილოთ” – გიორგი ცუცქირიძე

“ქართული პოლიტიკური კლასის გასაჭირი და პრობლემათა თავი მაინც ნაკლებად ადეკვატურ და სახელმწიფო ინტერესებს აცდენილ ოპოზიციურ სივრცეში უნდა განვიხილოთ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “ქართული ოპოზიციური ველის საზოგადოებრივი მოთხოვნილებიდან აშკარა ამოვარდნა ბოლო წლებში მათი ქმედებების რადიკალიზაციაში უნდა ვეძებოთ, რაც არათუ მცირდება, არამედ კიდევ უფრო გაზრდილია”.

“ქართული პოლიტიკური კლასის გასაჭირი და პრობლემათა თავი მაინც ნაკლებად ადეკვატურ და სახელმწიფო ინტერესებს აცდენილ ოპოზიციურ სივრცეში უნდა განვიხილოთ. ნებისმიერი ხელისუფლების მუდმივობა თეორიულადაც შეუძლებელია, რადგან ცვლილებებს ადრე, თუ გვიან თავად საზოგადოებრივი განწყობები აყალიბებენ. შესაბამისად, ოპოზიცია ხელისუფლების ალტერნატივად ამიტომაც განიხილება. სხვა საკითხია, რამდენად არის დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი “ქართული ოცნების” ალტერნატივა. თუ მათ ვარდნის ფაზაში მყოფ რეიტინგებით ვიმსჯელებთ, სამწუხაროდ, არც არანაირად. სამწუხაროდ, რადგან ძლიერი და კრეატიული ოპოზიცია არის ქვეყნის წინსვლის და პროგრესის თავისებური გარანტორი.

ქართული ოპოზიციური ველის საზოგადოებრივი მოთხოვნილებიდან აშკარა ამოვარდნა, ბოლო წლებში მათი ქმედებების რადიკალიზაციაში უნდა ვეძებოთ, რაც არა თუ მცირდება, არამედ კიდევ უფრო გაზრდილია. ამ შემთხვევაში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა არ იგულისხმება.

სხვადასხვა პერიოდებში, როგორც წესი წინასაარჩევნოდ შექმნილმა მათმა გაერთიანებებმა შედეგი რომ ნაკლებად გამოიღო, ამას ზედიზედ წაგებული არჩევნებიც მოწმობს და ამაში გარკვეულწილად ამ გაერთიანებების ხელოვნური ხასიათი არცთუ უმნიშვნელო ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ.

გაერთიანების სხვადასხვა ფორმით ძიების მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებამდე 2 წლით ადრე დღესაც დაწყებულია, და მაინც, რის იმედი აქვს ოპოზიციას?

თუ გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ძირითადი აქტივობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების 12 -პუნქტიანი გეგმის ჩავარდნაზე უფროა ორიენტირებული, ამას ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის გაკეთებულ განცხადებებზე მათი კომენტარები თუ ცალკეული გარე ლობისტური ჯგუფების მესიჯებიც ააშკარავებს!

მიმაჩნია, რომ დღევანდელ მოცემულობაში “ქართულ ოცნებას” დანის წვერზე გავლა მოუწევს და არა მხოლოდ მაღალი საგარეო ტურბულენტობის გამო. ყველაზე მაღალი რისკი შეიძლება იყოს არა კანდიდატის სტატუსის არმოცემა, არამედ ამ სტატუსის მიღების დაკავშირება 2024 წლის არჩევნებთან.

განვითარების ასეთი სცენარისას, რომლის ალბათობაც არცთუ დაბალია, ხელისუფლებისათვის მთავარი ბრძოლა სწორედ არჩევნებზე გაიმართება, მიუხედავად იმისა, რომ . ოპოზიციის დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე, ამ არჩევნებსაც დიდი ალბათობით კვლავ “ქართული ოცნება” მოიგებს.

ვფიქრობ, ძაღლის თავიც აქ არის დამარხული. იმ შემთხვევაში თუ არჩევნების შედეგები დამაჯერებელი არ იქნება დასავლეთი, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ისე აშშ არჩევნებს არ აღიარებს. ამის მიზეზად ცალკეულ დარღვევებთან ერთად, მაღალი პოლარიზაცია და ნაკლებად თავისუფალი წინასაარჩევნო გარემო შეიძლება იყოს დასახელებული, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ “ბელორუსულ სცენარში”. გათვლაც საპროტესტო გამოსვლებზე, ძირითადად ახალგაზრდობაზე იქნება გაკეთებული.

ქართული ოპოზიციის მხრიდან ვარჰეის საკმაოდ წარმატებული ვიზიტის და ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებების კრიტიკული შეფასება, რასაც ახლა აშშ-ის კონგრესმენების ნაწილის მხრიდან მმართველი პარტიის კრიტიკის ახალი ტალღა მოჰყვა, რატომღაც ხელისუფლების ცვლილების ამ რევოლუციური სცენარის გაზრდილ ალბათობაზე მიანიშნებს.

აშშ-ის და ევროპის პოლიტიკურ წრეებთან წარმოქმნილი დაძაბული ფონის განეიტრალებაც ისევ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ სვლებზე იქნება დამოკიდებული”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები