იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო
თორნიკე ჭეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ მათ სამინისტროს საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუდენტები პროგრამის მიმართულებებით დაინტერესდნენ და მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრებს თორნიკე ჭეიშვილთან ერთად იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა ბეგიაშვილიც ესწრებოდა. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:
1. სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა;
2. ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება;
3. სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცება. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს. პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 20 000 ლარს შეადგენს. საბუთების მიღების ბოლო ვადა 2022 წლის 24 ნოემბერია. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსი გასულ წელსაც ჰქონდა გამოცხადებული, რომლის ფარგლებში 14 პროექტი განხორციელდა.
საგრანტო პროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა. საგრანტო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტები მიიღება მითითებული ვადების გათვალისწინებით მხოლოდ ელექტრონულად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: grant@justice.gov.ge.