საქართველოს პროკურატურა ევროპის საბჭოს კამპანიაში „მე ვირჩევ თანასწორობას“ ჩაერთო
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს.
პროკურატურის ინფორმაციით, თანასწორობის კვირეული ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ გახსნა. ღონისძიებას სახელმწიფოს უწყებების, პარლამენტის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მათივე ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სალომე შენგელიამ სიტყვით მიმართა და დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
„თანასწორობის კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ტრადიციულად 15-22 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ორგანიზებით ტარდება.
თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავს სტუდენტებთან, მოსახლეობასთან, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან.
საქართველოს პროკურატურისთვის ადამიანის უფლებების დაცვა და თანასწორობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. უწყებაში განხორციელდა არაერთი რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლებას. შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ, რომლებმაც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გადამზადების სასწავლო კურსი გაიარეს. ამჟამად, სპეციალიზებულია 150 თანამშრომელი, მათ შორის მენეჯერები, პროკურორები და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები.
თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით საზოგადოებრივი პროექტების განხორციელება და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.