ქეთევან დუმბაძემ საქართველოს მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქეთევან დუმბაძემ საქართველოს მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურების წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას, რეგიონებში კულტურის სფეროში არსებულ გამოწვევებზე და იმ საჭიროებებზე ისაუბრეს, რომელთა წინაშეც დღეს კულტურის სამსახურები დგას. საუბარი შეეხო, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა გადარჩენისა და ტურისტულ მარშრუტებში ჩართვის საკითხს ასევე, ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების აუცილებლობას, როგორიცაა მხარეთმცოდნეობის მუზეუმების რეაბილიტაცია და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ მეგზურების მომზადება, ძეგლის ისტორიული ღირებულებების წარმოჩენა, კულტურული დასვენების გარემოს შექმნა, რეგიონებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის აუცილებელი პირობაა. ყურადღება გამახვილდა სახელოვნებო განათლების სფეროში ინსტრუმენტებისა და ინვენტარის განახლების საჭიროებაზე.
მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურების წარმომადგენლებმა კულტურული პროექტების განხორციელების კუთხით, ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი აღნიშნეს. შეხვედრისას ისაუბრეს ბიბლიოთეკებისა და წიგნის მაღაზიების განახლებისა და გახსნის მნიშვნელობაზე ასევე, ახალგაზრდული ცენტრების შექმნაზე, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება შეხვდნენ კულტურის თვალსაჩინო მოღვაწეებს, გაიმართოს კინოჩვენებები და სხვა კულტურული ღონისძიებები. საუბრის დროს გამოიკვეთა არაფორმალური სახელოვნებო განათლების სისტემის მუშაობის გაუმჯობესების აუცილებლობა – სახელოვნებო სფეროში პედაგოგების გადამზადება, სემინარებისა და მასტერკლასების ჩატარება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, ქეთევან დუმბაძესთან ონლაინ შეხვედრები სისტემატიურად გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები