პარლამენტმა ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი ითვალისწინებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის სათაურის ცვლილებას.
კერძოდ, კანონის სათაური განისაზღვრება შემდეგნაირად: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონი. ცვლილებების თანახმად, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც თავის საქმიანობას განახორციელებს დამოუკიდებლად. კანონპროქტით, ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო, ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის გასაზრდელად კანონპროექტში შევიდეს ცვლილებები და ბიუროს დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია. ეს ფუნქციებია: ინტერესთა კონფლიქტების საკითხების რეგულირება, გარკვევა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მიღება და მონიტორინგი; მამხილებლის დაცვის ღონისძიებათა გაუმჯობესება და შესაბამისი ჩართულობა; პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სათანადო ღონისძიებების გატარება.
კანონპროექტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციული საბჭოს. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს. კანონპროექტი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 -პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში.