ანრი ოხანაშვილი: ვარჰეიმ მოუწოდა ყველას, პირველ ყოვლისა, ოპოზიციას, რომ საჭიროა არა სხვადასხვა ქვეყანაში სიარული, არამედ – სამუშაო ჯგუფებში მუშაობა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ასეთი მაღალი რანგის პირის მიერ გაკეთდა შეფასება, რომ ეკონომიკასთან მიმართებით საქართველოში სწორი ნაბიჯებია გადადგმული, – ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გზავნილებს.

მისი თქმით, გამოიკვეთა პოზიცია, რომ ვარჰეი და ზოგადად ევროპული სტრუქტურები ნეგატიურად არიან განწყობილნი რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციის ჩაურთველობასთან.

„ვარჰეიმ ისაუბრა საქართველოს მხარდაჭერაზე, რომ საქართველო არის სტაბილური უსაფრთხოების სფეროში, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ასეთი მაღალი რანგის პირის მიერ გაკეთდა შეფასება, რომ ეკონომიკასთან მიმართებით საქართველოში სწორი ნაბიჯებია გადადგმული. ფაქტია, რომ ეკონომიკა ვითარდება. მან მოუწოდა ყველას, პირველ ყოვლისა, ოპოზიციას, რომ საჭიროა არა სხვადასხვა ქვეყანაში სიარული, არამედ –  მაგიდასთან დაჯდომა და სამუშაო ჯგუფებში მუშაობა. ამით მისი და ევროპული სტრუქტურების მხრიდან პრაქტიკულად გამოიკვეთა პოზიცია, რომ მაქსიმალურად ნეგატიურად არიან განწყობილნი ოპოზიციის არჩართულობით. განსაკუთრებით, რადიკალური ჯგუფების მიერ სამუშაო ჯგუფებისთვის საბოტაჟის რეჟიმით.

რაც შეეხება 12-პუნქტიან გეგმას, ამასთან დაკავშირებითაც ვარჰეიმ ისაუბრა პროგრესსა და კონკრეტულ მიმართულებებზე, რაზეც ისინი მზად არიან, საქართველოს მხარდაჭერა გაუწიონ შემდგომი რეფორმების მიმართულებით. აღნიშნა, რომ სასამართლოსთან მიმართებით დამაიმედებელი ცვლილებებია წარმოდგენილი, რაც სასიხარულოა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები