რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინა

ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა” მოისმინა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მისი თქმით, 2022 წლის ცხრა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 10.2% შეადგინა.

„ამან საშუალება მოგვცა ცვლილებები შეგვეტანა 2022 წლის ბიუჯეტში და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6-დან 8,5%-მდე გავზარდეთ. ინფლაციის მაღალი დონე ნარჩუნდება რამაც 11.5% შეადგინა, ხოლო ბოლო 12 თვის მაჩვენებელი 12,6%-ია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებას რაც შეეხება, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 10 739 541.2 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 11 493 235.8 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 107.0%”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილემ მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტზე გაამახვილა, რომელიც 106%-ითაა შესრულებული. გიორგი კაკაურიძის თქმით ეს ერთადერთი უწყებაა, რომელსაც გადაჭარბებით აქვს შესრულებული ბიუჯეტი. მან, კომიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით ისაუბრა სამინისტროს მიერ პროგრამებისა და სხვადასხვა მიმართულების პროექტების შესრულების შესახებ.
მისი შეფასებით, ამ თვალსაზრისით სამინისტროს კარგი მაჩვენებელი აქვს. სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და საბიუჯეტო ხარჯების თაობაზე დეტალური ინფორმაცია კომიტეტის წევრებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა გააცნო. მომხსენებლებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები