“დეოლიგარქიზაციის” კანონის პირდაპირ უკუგდება იმაზე მეტყველებს, რომ, ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, ოლიგარქიზაცია უვარგისია, თუ ის სხვის ხელშია, საკუთარ ხელში გამოყენებადი უნდა იყოს

ევროკომისიამ უკრაინას მიღებული კანონი მოუწონა, შეუქეს და იმპლემენტაციის რეკომენდაცია მისცეს. შესაბამისად, საქართველოსთვის აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ქვეყანას მუშაობა სწორედ უკრაინული მოდელის ბაზაზე დაეწყო, თუმცა სხვა მოდელიც არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ “დეოლიგარქიზაციის” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე თმით, ოპოზიციას აღნიშნულ კანონთან მიმართებით უსამართლო პოზიცია აქვს.

„ოპოზიცია ბევრს საუბრობდა, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი იყო დეოლიგარქიზაციის თაობაზე კანონის მიღება და სამაგალითოდ უკრაინულ მოდელს გვითითებდნენ. როცა ამ კანონის მიღება რეალური გახდა, მიხვდნენ, რომ რეალურად ვისაც შეიძლება, პრობლემები შეექმნას ამ კანონის მიღებით, იქნებოდა მხოლოდ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საკუთარი პოლიტიკური გეგმების განხორციელებაში იყენებს ისეთ ფინანსურ რესურსებს, რომელიც დაუშვებელია და ოლიგარქიულ მმართველობას გულისხმობს. საუბარია დავით კეზერაშვილზე, რომლის მიერ ფინანსდება არაერთი მედიასაშუალება. ევროკომისიამ უკრაინას მიღებული კანონი მოუწონა, შეუქეს და იმპლემენტაციის რეკომენდაცია მისცეს. შესაბამისად, საქართველოსთვის აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ქვეყანას მუშაობა სწორედ უკრაინული მოდელის ბაზაზე დაეწყო, თუმცა, სხვა მოდელიც არ არის.

ოპოზიციის შემოთავაზება თუ არის, რომ დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგას, ეს უნდა თქვან. დეოლიგარქიზაციაზე განცხადებას ცალკეული ევროპარლამენტარები აკეთებენ, რომლებიც პარტნიორულ ურთიერთობაში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ეს არის მათი შეფასებები, რაც არ შეიძლება, გაიგივებული იყოს ევროკავშირის პოზიციასთან, მით უმეტეს, ევროკომისიის.

არ მგონია, თანმიმდევრული იქნებოდა საქართველოს მხრიდან ამ კანონპროექტზე მუშაობა იმ ფონზე, როცა ურსულა ფონ დერ ლაიენი აქებს უკრაინაში მიღებულ კანონს. წარმოუდგენელი იქნებოდა, საქართველოს ეთქვა, ჩვენ უკრაინულ მოდელზე არ ვიმუშავებთ, რომელსაც ევროკომისიის ხელმძღვანელი იწონებს. თუ რომელიმე დებულება და რომელიმე ნორმა ვინმეს არ მოსწონს, დაე თქვან, მაგრამ პირდაპირ უკუგდება იმაზე მეტყველებს, რომ ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, ოლიგარქიზაცია უვარგისია, თუ ის სხვის ხელშია, საკუთარ ხელში გამოყენებადი უნდა იყოს, რაც არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები