სეზონური გრიპი – როგორ დავიცვათ თავი და არის თუ არა ვაქცინა ეფექტური

ყოველწლიურად, ზაფხულის შემდეგ, როდესაც ტემპერატურა კლებას იწყებს, სეზონური გრიპი კვლავ აქტუალური ხდება. საქართველოში სეზონური გრიპი ოქტომბრის ბოლოდან მარტის თვის ბოლომდე არის აქტიური და მისგან თავის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რა არის სეზონური გრიპი, როგორ ვრცელდება ის ადამიანებში და როგორ დავიცვათ მისგან თავი – ამის შესახებ ვრცლად ინფექციონისტი, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო საქმიანობის ხარისხის მართვის დირექტორი, შორენა კიწმარიშვილი გვესაუბრება.
„გრიპი მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციაა, რომელსაც იწვევს გრიპის ვირუსი. სეზონური გრიპი, გრიპის ვირუსის გარკვეული შტამით (A, B ტიპი) გამოწვეული მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც მთელი წლის მანძილზე ცირკულირებს და განსაკუთრებით აქტიური ხდება ოქტომბრის ბოლოდან მარტის თვის პერიოდში, ამჟამად გავრცელებულია A/ H3 ქვეტიპი.
გრიპის ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებით.
გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე საშუალო და მძიმე მიმდინარეობით. განსაკუთრებით, გართულებების მაღალ რისკის ქვეშ იმყოფებიან: 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები; ორსულები, 65 წელზე მეტი ასაკის პირები; ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები (ასთმა, ფილტვების, გულის, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული სისტემის დაავადებები და სხვა)”,- ამბობს შორენა კიწმარიშვილი.
როგორც მედიკოსი განმარტავს, ამ დროისთვის საქართველოში, გარდა სეზონური გრიპისა, გავრცელებულია რინოვირუსები (სურდოს და ზემო სასუნთქი გზების სხვა სიმპტომების გამომწვევი), ადენოვირუსები, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ენტეროვირუსები, COVID-19 და სხვადასხვა კორონავირუსები.
რა სიმპტომები ახასიათებს სეზონურ გრიპს, რა პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ ვირუსისგან თავის დასაცავად და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს.
გრიპი და სხვა ვირუსული ინფექციები, გართულებების გარეშე, განსაკუთრებულ მკურნალობას არ საჭიროებს, ხოლო რაც შეეხება პრევენციას, შორენა კიწმარიშვილი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური პროფილაქტიკური საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება.
„სეზონური გრიპი იწყება მწვავედ, სიმპტომების გამოვლენა იწყება ვირუსით ინფიცირებიდან საშუალოდ 2 დღის განმავლობაში. მისთვის დამახასიათებელია უეცარი მაღალი ტემპერატურა 38C და ზევით, ზოგადი საერთო სისუსტე, თავის, კუნთების, სახსრების ტკივილი, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, შესაძლოა ახლდეს მშრალი ხასიათის ხველებაც.
გრიპმა შესაძლოა გამოიწვიოს გართულებები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში. პნევმონია (ფილტვების ანთება), დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ -გონების დაბინდვა, ძილიანობა, კრუნჩხვა, კუნთების სისუსტე; ბავშვებში, შესაძლოა – ოტიტი (ყურის ანთება), კრუპის სინდრომი; ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში- ძირითადი პათოლოგიის გართულება.
გაურთულებელი გრიპი, განსაკუთრებულ მკურნალობას არ საჭიროებს, აუცილებელია მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, საჭიროების შემთხვევაში – სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. კატეგორიულად დაუშვებელია ანტიბიოტიკების გამოყენება, რადგან ანტიბიოტიკი ვირუსებზე არ მოქმედებს, ამიტომ, მათი გამოყენება მხოლოდ ბაქტერიული ინფექციების დროს არის საჭირო. გართულებების შემთხვევაში აუცილებლად მივმართოთ ოჯახის ექიმს.
გრიპისგან თავის დასაცავად აუცილებელია – ბავშვები მოვარიდოთ გარშემომყოფებს, ხალხმრავალ ადგილებს, რადგან სასუნთქი გზების მხრივ გამოვლენილი სიმპტომები, რასაც „გაციებას“ უწოდებენ, როგორც წესი, დაკავშირებულია ვირუსულ ინფექციასთან და ამ დროს არის ადამიანი გადამდები; ცემინების და ხველის დროს დავიცვათ შესაბამისი წესი; ხშირად დავიბანოთ ხელები ან გამოვიყენოთ სადეზინფექციო ხსნარი.
ყველაზე ეფექტური პროფილაქტიკური საშუალებას კი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება წარმოადგენს“,- ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო საქმიანობის ხარისხის მართვის დირექტორი.
მსოფლიოს მეცნიერები დიდი ხანია, შეთანხმდნენ, რომ სეზონური გრიპის პროფილაქტიკის ერთადერთი გზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა. აღნიშნულის შესახებ საუბრობს შორენა კიწმარიშვილიც. მისი თქმით, სასურველია, რომ ვაქცინაცია გრიპის სეზონის დაწყებამდე ჩატარდეს, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, დაახლოებით, 2-3 კვირა სჭირდება.
„გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, საქართველოში რეგისტრირებულია 4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
სასურველია – ვაქცინაცია ჩატარდეს გრიპის სეზონის დაწყებამდე (საუკეთესო პერიოდია ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი), რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება.
გრიპის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ვაქცინაა. ვაქცინაცია არ იწვევს დაავადების განვითარებას“, – აცხადებს მედიკოსი.
ინფექციონისტი განმარტავს, რომ ვაქცინაცია სრულად ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, 6 თვის ასაკიდან. სახელმწიფოს მიერ შემოტანილია 200000 დოზა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის უნდა მიმართონ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს.