„რუსეთს ფრონტზე მძიმე მდგომარეობა აქვს, ომს ვერ იგებს, უკან იხევს იმისთვის, რომ ცოცხალი ძალა გადაარჩინოს” – ზაალ კასრელიშვილი

„ფაქტი ერთია, რომ რუსეთს ფრონტზე მძიმე მდგომარეობა აქვს, ომს ვერ იგებს, უკან იხევს იმისთვის, რომ ცოცხალი ძალა გადაარჩინოს”, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

კასრელიშვილმა უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უკრაინამ რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების პროექტი გაუგზავნა.

„ეს რამდენიმე დღეა, მედიასივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ კრემლში სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი გააგზავნა, რომელიც კაპიტულაციის აქტად მოინათლა და რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ხელის მოწერა შესთავაზა. ეს განხილვის საგანია როგორც დასავლეთში, ისე – აღმოსავლეთში, რა თქმა უნდა, საქართველოშიც. საქართველოში პროდასავლური ორიენტაციის ძალები ამბობენ, რომ ეს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასასრულია. ხოლო პრორუსი ქართველები ამბობენ, რომ ეს „ფეიკია“. არც ერთი მხარეა მართალი და არც მეორე. ორიოდე სიტყვით ამ პუნქტებს შეგახსენებთ, არასრული ინფორმაციით, ჩვენი ძალიან ახლო მეგობრების ინფორმაციით, რომლებიც პროცესს ესწრებოდნენ, ლაპარაკია 5-6 პუნქტზე: რუსეთის ჯარებმა უკრაინის ტერიტორია მთლიანად უნდა დატოვონ; ყირიმი შავი ზღვის ფლოტმა უნდა დატოვოს და დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს; უკრაინასა და რუსეთს შორის 100 კილომეტრი ბუფერული ზონა უნდა იყოს, ასევე, დემილიტარიზებული; ასევე, რუსეთი დნესტრისპირეთიდან უნდა გამოვიდეს. სანაცვლოდ, უკრაინა 7 წლის განმავლობაში ნატოში არ შევა. ამ ხელშეკრულებას გარანტად 6 ქვეყანა უდგება. უფლებამოსილება არ მაქვს, გითხრათ, რომელ 6 ქვეყანაზეა ლაპარაკი. ეს ინფორმაცია მედიაში რომ არ გასულიყო, არც ამ თემაზე ვისაუბრებდით. ცოტა უხერხული ჩანს ამ თემებზე საუბარი მაშინ, როცა ბირთვული იარაღის მქონე რუსეთი ჯერჯერობით უკრაინიდან ჯარის გამოყვანას არ აპირებს. მაგრამ ამ ხელშეკრულების ქვეტექსტი ის არის, რომ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ხელშეუხებლობის გარანტიები ექნება. ამ ხელშეკრულებაში ახალია არაფერია. ეს არც კაპიტულანტური აქტია, არც სამშვიდობო ხელშეკრულება. ეს არის პროექტი, რომელიც გაუგზავნეს, რუსეთი ხელს მოაწერს, არ მოაწერს, დათანხმდება, თუ არ დათანხმდება, ეს განხილვის ცალკე საგანია. ფაქტი ერთია, რომ რუსეთს ფრონტზე მძიმე მდგომარეობა აქვს, ომს ვერ იგებს, უკან იხევს იმისთვის, რომ ცოცხალი ძალა გადაარჩინოს, დრო გაჭიმოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ გაიხანგრძლივოს არსებობა“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინელებს სიცივით ვერ გატეხს, ევროპელებს კი უშუქობით ვერ შეაშინებს.

„რუსეთი ზამთრის დადგომას ელოდება. ბოლო იმედი აქვს, რომ ამ ზამთარს უკრაინა, ევროპა ვერ გაუძლებენ და რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რაღაც შეღავათებს გაუკეთებენ. ცოტა ხნის წინ უკრაინის დიდი ქალაქები რომ დაბომბეს, ეს იყო მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც რუსეთის ჯარს შეუძლია. ჩვენი ღრმა რწმენით, რუსეთი უკრაინელებს ვერც სიცივით გატეხს და ევროპელებს ვერც უშუქობით შეაშინებს. უკრაინელებმა წარმატებების გემო გაიგეს, ამ მიღწეულს არ დაყაბულდებიან, არ გაჩერდებიან.
რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაზაფხულამდე ვერ მოახერხებს, რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში რაიმე პროგრესს მიაღწიოს. ვფიქრობთ, ადრე გაზაფხულზე, როდესაც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საბოლოოდ დარწმუნდება იმაში, რომ უშუქობით და უგაზობით ვერც უკრაინას და ვერც ევროპას ვერ დააშანტაჟებს, იძულებული გახდება, ან ხერსონის შემთხვევის მსგავსად მიიღოს გადაწყვეტილება და უკრაინა დატოვოს, ან ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა გამოიყენოს. ტაქტიკური, ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შემთხვევაშიც და უკრაინიდან ჯარის გაყვანის შემთხვევაშიც, რუსეთის დღევანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შიდა პოლიტიკურ ბაზარზე ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება. მას 4 სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურა 4 გენერლის მეთაურობით აუცილებლად დაუპირისპირდება“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები