სამხრეთ აფრიკელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
ახალი ტურისტული ბაზრების ათვისების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ტუროპერატორებს უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, უმსხვილესი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საქართველოში ინფოტური ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების“ თანაორგანიზებით გაიმართა.
ტურის ფარგლებში, სამხრეთ აფრიკელი ტუროპერატორები თბილისსა და კახეთს ესტუმრნენ. ტურ-ოპერატორები გაეცნენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას, დაინტერესდნენ საქართველოს ღვინისა და გასტროტურიზმის პოტენციალით. ტურის ფარგლებში მოეწყო კულინარიული მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია.
ინფოტურის მონაწილეებისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრეზენტაცია გამართა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. სამხრეთ აფრიკელი ტუროპერატორები B2B ფორმატის ფარგლებში ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი ტურების მოწყობის საკითხები განიხილეს.