უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსის, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ხერსონის ოლქის მთლიან გათავისუფლებას გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მაისაიას განმარტებით, ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეიძლება, სტრატეგიულ სივრცეზე გავიდნენ და მარიუპოლის გათავისუფლება დაიწყონ.
ამის შესახებ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, ხერსონის ოლქში არსებული ვითარების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსი ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქის დაახლოებით 60 % უკვე გათავისუფლებულია.
„დღეს უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ვსაუბრობთ, პირველ ყოვლისა კი, ხერსონის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე. ხერსონის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავება, გათავისუფლება, ფაქტობრივად, შემდგარი ფაქტია, თუმცა, ჯერჯერობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონიდან 20 კილომეტრში დგანან და, ფაქტობრივად, რუსი საოკუპაციო ძალები მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით ორგანიზებულად გადადიან. იქ მეორე ეშელონის, თავდაცვის ზღუდეების გამაგრება ხდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონს რომ მიუახლოვდებოდნენ, ამაზე პროგნოზი სექტემბერში გავაკეთე: ვთქვი, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონს დეკემბრის დასაწყისში გაათავისუფლებდნენ, ამის შესახებ უკრაინის ტელევიზიით ვისაუბრე. უკრაინაში ამასთან დაკავშირებით ერთგვარი პესიმისტური მიდგომები იყო. ეს პროგნოზი უკვე მართლდება და ეს უკრაინის მხარემაც აღნიშნა. თუმცაღა, აქ ერთი ნიუანსია: ჯერჯერობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში არ შედიან იმიტომ, რომ ხერსონი დანაღმულია როგორც ქალაქის მიდამოებში, ასევე, ფრონტის წინა ხაზის კუთხით და განაღმვითი ტიპის სამუშაოები მიდის. ამავე დროს, ხერსონში შესვლა, ჯერჯერობით, ნაადრევია, რადგან მარცხენა მხარეს მყოფი, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შესაძლოა, საარტილერიო-სარაკეტო დარტყმები განახორციელონ და ამით უკრაინის შეიარაღებული ძალების შენაერთებს ერთგვარი დანაკარგები მიაყენონ.
ამიტომ, ამ ზღუდეებზე საცეცხლე წერტილების განადგურება, განეიტრალება სანამ არ მოხდება, მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა ხერსონის გათავისუფლებაზე თავს იკავებს. თუმცა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, შოიგუმ პირდაპირ ეთერში უკვე გასცა ბრძანება და რუსეთის შეიარაღებული ძალები, ფაქტობრივად, ტოვებენ სანაპიროს, სადაც ხერსონი და ადმინისტრაციული ცენტრები მდებარეობს, დნეპრის მეორე მხარეს გადადიან. იქ მაგრდებიან. ასევე, საინტერესოა, რომ ამ ბრძოლების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი ახალ კახოვკაზეა გადატანილი, სადაც ჰიდროელექტროსადგურია. როგორც ჩანს, რუსები მის დათმობას არ აპირებენ. ალბათ, აქ საკმაოდ სერიოზული ბრძოლები გაიმართება. უნდა გითხრათ, რომ ხერსონის ოლქის დაახლოებით 60 % რუსი ოკუპანტებისგან უკვე გათავისუფლებულია, ისევე, როგორც გათავისუფლებულია მთლიანად მიკოლაევის ოლქი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს, რომ ხერსონის მიმართულებით ორ საარმიო დაჯგუფებას მოეყარა თავი, სადაც 8- დან 14 მექანიზებული ბრიგადები იყვნენ გაერთიანებულნი. მათ მხარს ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და ეროვნული გვარდიის ნაწილებისგან შემდგარი დაახლოებით 5 ბრიგადა უმაგრებდა. ორი მიმართულება იყო: ერთი უშუალოდ ხერსონის, მეორე კი – ჩრდილოეთის. ამ მიდგომამ, ფაქტობრივად, გაამართლა. მათ შეძლეს, რუსეთი საოკუპაციო ძალების ცენტრალური ხაზების მიმართულებით გაერღვიათ. მინდა, გითხრათ, რომ ხერსონს ისეთივე გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, როგორც თავის დროზე, მეორე მსოფლიო ომში სტალინგრადის ბრძოლას ჰქონდა. ხერსონი და სტალინგრადი ერთმანეთს ჰგვანან, რადგან ისინი მდინარის ნაპირას მდებარეობენ. თავის დროზე სტალინგრადიც ვოლგის მარჯვენა სანაპიროებიდან მარაგდებოდა და საბჭოთა კავშირმა იქ ვერმახტის ნაწილების ქალაქურ ბრძოლებში ჩათრევა დაიწყო. ამ შემთხვევაში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ურბანისტულ საბრძოლო მოქმედებებეში უკრაინის შეიარაღებული ძალების ჩათრევა ვერ შეძლეს, ამჯობინეს, უკან დაეხიათ.
მინდა, გითხრათ, რომ ხერსონის, ალბათ, უახლოეს პერიოდში დაკავების, გათავისუფლების შემდეგ, ფაქტობრივად, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეიძლება, სტრატეგიულ სივრცეზე გავიდნენ. ამას გეოსტრატეგიული ამოცანების შესრულება აქვს და რატომ: ხერსონიდან შეიძლება, ოპერატიული მიმართულების განვითარება განახორციელო, ეს არის ანექსირებული ყირიმის მიმართულება, ყირიმის გათავისუფლების ოპერაციის დაწყება და მეორე, რაც ყველაზე საინტერესოა: უშუალოდ აღმოსავლეთით, მარიუპოლის მიმართულებით გასვლა და მარიუპოლის გათავისუფლება, აზოვის ზღვის სანაპიროების მიმართულებით გასვლა შეიძლება. იქნება ის მომენტი, რომ უკრაინა აზოვის ზღვის სანაპიროს სტატუსს დაიბრუნებს და მარიუპოლს გაათავისუფლებს. ეს უკრაინისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი, გარდამტეხი ელემენტია. უკრაინის შეიარაღებული ძალები და სამხედრო- პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ ისტორიულ მისიასთან ძალიან ახლოს არიან“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
მისივე თქმით, უკრაინელებს ყველა ფრონტზე ოპერატიული უპირატესობა აქვთ.
„როგორც აღვნიშნე, ხერსონის ბრძოლას გეოსტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. ფაქტობრივად, სამხრეთის ფრონტის მიმართულებით რუსული სამხედრო აგრესიის რეალური საფრთხე იხსნება და რუსები იძულებულები იქნებიან, ყირიმის ნახევარკუნძულის სტრატეგიულ თავდაცვაზე გადავიდნენ. კითხვის ნიშნებია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეძლებენ ამის შენარჩუნებას იმ ფონზე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო დახმარებას, მით უმეტეს, ახალი საბრძოლო ტექნოლოგიების სახით დასავლეთისგან კიდევ იღებენ. ასევე, ზამთარი ახლოვდება. ზამთრის პერიოდში საბრძოლო მოქმედებების ტემპი მცირდება, შესაბამისად, შემტევი ოპერაციების რაოდენობა იკლებს. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ უკრაინელებს ყველა ფრონტზე ოპერატიული უპირატესობა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ ფრონტზე, დონეცკის ოლქში, რუსები ჯერ კიდევ ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე შეტევებზე გადადიან და ცდილობენ, უკრაინული ხაზი გაარღვიონ. ჩრდილოეთის ფრონტზე, ხარკოვის გათავისუფლების შემდეგ ლუგანსკის გათავისუფლების საკითხი დგება. თუ უკრაინელებმა შემდგომი წარმატება განავითარეს, ფაქტობრივად, გამოდის, რომ უკრაინელები სიტუაციას აბრუნებენ. ხერსონის ოლქის მთლიან გათავისუფლებას გეოსტრატეგიული მნიშვნელობა ექნება. ფაქტობრივად, ამ გეოსტრატეგიული მისიის დასრულების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმ სტატუსკვოს აღადგენენ, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლამდე არსებობდა, ანუ, იმ დრომდე, სანამ რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში პირდაპირ ინტერვენციასა და აგრესიას დაიწყებდნენ. აღნიშნული ვითარება კონფლიქტის დასრულების ერთ-ერთი სავარაუდო, საკმაოდ სერიოზული პირობა და ამოცანა იქნება“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.