ევროპის საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემულ რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციას არ აღიარებენ
ევროპის საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემულ რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციას არ აღიარებენ.
აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული საერთაშორისო პასპორტების გაცემის შესახებ. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უკრაინაში, ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის.
აღნიშნულ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები უკვე არ არის აღიარებული ან არაღიარების პროცესშია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საერთო მიდგომის ჩამოყალიბებას, გარე საზღვრის გამართული ფუნქციონირებისა და საერთო სავიზო პოლიტიკის უზრუნველყოფასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას.