იაგო ხვიჩია – ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ვიდრე სამეულთან ვინმე სერიოზულად თანამშრომლობას დააპირებს, დაიშლებიან

„დღეს რა გვაქვს საერთოში“ მე ვერასდროს ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რომ „ქოცები“ უნდა წავიდნენ და ვიღაც უნდა გავაგდოთ. კონკრეტული საქმე, რომელიც ადამიანებს წაადგებათ, სამწუხაროდ, პოლიტიკოსების გამაერთიანებელი არ არის”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ვინმესთან თანამშრომლობის დასაწყებად მთავარია, რა საკითხის გარშემო ხდება თანამშრომლობა, რა აქვთ საერთო.

“ვიღაცას ცუდი საქმე აქვს გაკეთებული და მასთან ვითანამშრომლებდი თუ  არა, ამაზე მეტად მაკვირვებს ის ამბავი, რომ თანამშრომლობა ფაქტობრივად თანხმდება მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გარკვეული არ არის, ვის, რა უნდა.
შეიძლება, ვიღაცას უნდა კეზერაშვილთან ან ვინმესთან თანამშრომლობა, შეიძლება, მასზე ბევრი ცუდი ან კარგი გაუგია, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი განმსაზღვრელი, ვინმესთან ვითანამშრომლებთ თუ – არა. ამან შეიძლება, მხოლოდ უარყოფითი თვალსაზრისით მოახდინოს გავლენა. მთავარი უნდა იყოს, რაზე ვთანამშრომლობთ და დღეს რა გვაქვს საერთო. „დღეს რა გვაქვს საერთოში“ მე ვერასდროს ვერაფერს ვხედავ, გარდა იმისა, რომ „ქოცები“ უნდა წავიდნენ და ვიღაც უნდა გავაგდოთ. კონკრეტული საქმე, რომელიც ადამიანებს წაადგებათ, სამწუხაროდ, პოლიტიკოსების გამაერთიანებელი არ არის. ეს სამეული ჯერჯერობით არ დგას იმ პოზიციებზე, რომ დავინახო, რა პოზიტიური ძვრა ექნება ხალხისთვის, გარდა იმავე ლოზუნგების, რომ ვიღაცას დავამარცხებთ, მოვერევით და ქვეყანას შემდეგ ავაშენებთ. რას ვაშენებთ, ეს თავი, ჯერჯერობით, ქართულ პოლიტიკურ წიგნში არ გადაიშალა“, – თქვა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის გაერთიანების იდეას ვერავინ ხედავს.

“ვიდრე მათთან ვინმე სერიოზულად თანამშრომლობას დააპირებს, ისინი დაიშლებიან. სამწუხაროდ, ასე მგონია. მათი გაერთიანების იდეას ვერავინ ხედავს. გარდა ამისა, ისეთი ხალხია, დამოუკიდებლად მოძრაობა რომ უყვართ ხოლმე“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, სმენია, რომ კეზერაშვილმა რაღაც ბიზნესები მიისაკუთრა, თუმცა, “ახლა მიზანი არის, ყველა გავერთიანდეთ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები