ირანში პირველი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტის შექმნის შესახებ გამოაცხადეს

ირანმა პირველი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტის შექმნის შესახებ გამოაცხადა.

ამის შესახებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაურმა, ამირალი ჰაჯიზადემ განაცხადა, – იტყობინება IRNA.

„ეს ახალი რაკეტა გაივლის ყველა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას და არ მგონია, რომ არსებობდეს ტექნოლოგიები, რომლებიც მას ათწლეულების განმავლობაში დაუპირისპირდება“, – თქვა ჰაჯიზადემ და დასძინა, რომ ეს რაკეტა არის გამოსავალი მტრის სარაკეტო თავდაცვის სისტემების განადგურებისთვის და არის „მნიშვნელოვანი ნახტომი” ამ მიმართულებით.

ჰიპერბგერით იარაღს შეუძლია ისეთი სიჩქარით მოძრაობა, რაც ხმის სიჩქარეს ხუთჯერ აღემატება.

ამავდროულად, Reuters-ი აღნიშნავს, რომ ამ დრომდე არ გავრცელებულა ცნობები ირანში ასეთი რაკეტის გამოცდის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა, საერთაშორისო სანქციებისა და ემბარგოების ფონზე, იარაღის დიდი შიდა ინდუსტრია განავითარა, დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ირანი ზოგჯერ აზვიადებს საკუთარი იარაღის შესაძლებლობებს.

ამირალმა ჰაჯიზადემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთმა შესაძლოა, ირანული რაკეტების შეძენა დაიწყოს.

კერძოდ, უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ რომ მოსკოვმა თეირანისგან შესაძლოა, იყიდოს ბალისტიკური რაკეტები Fateh-110 და Zofaghar, ჩაიტანოს ისინი საჰაერო გზით ყირიმში და საზღვაო გზით – რუსეთის პორტებში კასპიის ზღვაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები