“დიდი ხანია, ვიცოდით” – ბაიდენი ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანაზე
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხერსონიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გასვლას გამოეხმაურა.
ამის შესახებ BBC წერს.
„პირველ ყოვლისა, საინტერესოა, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას აჭიანურებდნენ – ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვიცით, რომ მიიღებდნენ, არჩევნების დასრულებამდე. ეს გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ მათ, რუსეთის არმიას დიდი პრობლემები აქვს“, – განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 8 ნოემბერს ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. შოიგუს განმარტებით, გადაწყვეტილება უკრაინაში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების შემდეგ მიიღო.
გენერალმა სერგეი სუროვიკინმა შექმნილი ვითარება შეაფასა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს შესთავაზა, რომ ხერსონის ოლქში ჯარები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაიყვანონ.