„ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად“ – ნიკა მელია კოლეგების განცხადებებს პასუხობს

ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით მელია კოლეგების დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევა აუცილებელია.

„მსურს ყველამ იცოდეს – მზად ვიყავი, ვარ და ვიქნები მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ტიპის არჩევნებში. მით უმეტეს შიდა პარტიულ არჩევნებში და მით უმეტეს მაშინ, როცა არც თუ ისე ცოტა სათქმელი დამიგროვდა.

პატივისცემით, ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და განსაკუთრებით ეს იციან იმ ჩემმა კოლეგებმა, რომლებიც ამ პროცესში უკანასკნელი თვე-ნახევრის განმავლობაში პირადად იღებდნენ მონაწილეობას და მათ გარდა მინიმუმ 500-600 ადამიანთან მაქვს ამ ყველაფრის თაობაზე ნათქვამი.

დეტალების თაობაზე, თუ როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, პარტია იმსჯელებს, მათ შორის იმ ადამიანების თანამონაწილეობით, ვინც დღეს, ჩემი ღრმა რწმენით, გააკეთეს ძალიან ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც, როგორც ჩანს, შორს მიმავალი მიზნები აქვს, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები