„ამ კითხვას  კელი დეგნანს ხშირად უსვამენ: რამდენად დასაშვებია, რომ აშშ-ის გადამხდელების მიერ დაფინანსებული რადიოსადგური ქართველ ხალხს,   მის ისტორიას შეურაცხყოფას აყენებდეს?“  – ხაინდრავა 

„ზუსტად ეს კითხვებია, რომლებსაც დღევანდელი ფსევდოლიბერალიზმის წარმომადგენელს,  საქართველოში   აშშ-ის ელჩს, ქალბატონ დეგნანს ხშირად უსვამენ: რამდენად დასაშვებია, რომ აშშ-ის გადამხდელების მიერ დაფინანსებული რადიოსადგური, აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლობა, შეურაცხყოფას აყენებდეს ქართველ ხალხს,   მის ისტორიას, მის წარსულს და აწმყოს? მსგავსი ტიპის შეკითხვებზე პასუხები არ ჩანს, რადგან პასუხები არ არის“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ  მედიაჰოლდინგ  „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

მისი თქმით, დღეს „რადიო თავისუფლება“   სიცრუის გამავრცელებელი დაწესებულებაა.

„ამერიკული ყოფის, ზნის,  პოლიტიკის გამოძახილი,   რომელიც დღეს იქაა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  ჩვენ ამას  აქ ვხვდებით, ამის   ყველაზე ნათელი მაგალითი  „რადიო თავისუფლებაა“, რომელიც აშშ-ის გადამხდელების მიერ ფინანსდება, პრაქტიკულად, სახელმწიფო სტრუქტურას წარმოადგენს.  იყო დრო,  როცა პატარა ვიყავი,  მეღვიძებოდა იმაზე, რომ მამაჩემი საბნის ქვეშ  „რადიო თავისუფლების“ გადაცემებს უსმენდა. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო,  ჩვენ პოლიტპატიმრების ოჯახი ვიყავით,  მამაჩემი გადასახლებიდან ახალი დაბრუნებული იყო და ამ რადიოსადგურის  მოსმენა სახიფათო იყო. ამიტომ, ჩუმად ისმენდა.  დღესაც მახსოვს ის მელოდია,  რომლითაც  ეს გადაცემები იწყებოდა. მაშინ „რადიო თავისუფლება“ ყველა თავისუფლებისმოყვარე ადამიანისთვის, ვინც იმ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში შედიოდა,   ტირანიისა და ძალმომრეობისაგან იჩაგრებოდა, იმედი იყო.   დღეს ეს არის აბსოლუტურად გარყვნილი, ზნედაკარგული, სიცრუის გამავრცელებელი დაწესებულება.  ამის მაგალითი 7 ნოემბერია, როდესაც ლეგენდარული ქართველი მეფის, ერეკლე მეორის, პატარა კახის დაბადების დღეს გამოაქვეყნეს პოსტი, სტატია,  სადაც ეწერა, რომ დედოფალი დარეჯანი  მეფეს ღალატობდა. ეს მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის,   ჩვენი ისტორიისთვის, წარსულისთვის, ღირსებისთვის შეურაცხყოფის მიყენების  განმეორებითი მცდელობა იყო. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რას უშვება ფსევდოლიბერალიზმი კაცობრიობას,  როგორი საფრთხის შემცველი, როგორი შეურაცხმყოფელია. ამასთან დაკავშირებით მინდა, პროტესტი  გამოვხატო.  ზუსტად ეს კითხვებია, რომლებსაც დღევანდელი ფსევდოლიბერალიზმის წარმომადგენელს, საქართველოში   აშშ-ის ელჩს, ქალბატონ დეგნანს ხშირად უსვამენ: რამდენად დასაშვებია, რომ აშშ-ის გადამხდელების მიერ დაფინანსებული რადიოსადგური, აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლობა, შეურაცხყოფას აყენებდეს ქართველ ხალხს,   მის ისტორია, მის წარსულს და აწმყოს? მსგავსი ტიპის შეკითხვებზე პასუხები არ ჩანს, რადგან პასუხები არ არის.

ლიბერალიზმის ბაცილა რას ნიშნავს: ამას მეორე დღეს,  8 ნოემბერს წმინდა ილია მართლის დაბადების დღეს,  გაგრძელება მოჰყვა,  როცა ფსევდოლიბერალიზმის ერთ-ერთმა აქაურმა  წარმომადგენელმა,   ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა,  რომ ილია ჭავჭავაძე იყო ლოთი, მოთამაშე და მისი ნაწარმოებები არანაირ ფასეულობებს არ წარმოადგენს. იმავე დღეს ისეთივე მანქურთმა,  როგორიც ბერძენიშვილია, ლაშა ბუღაძემ განაცხადა, რომ  საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი  ილია მეორე  აბსოლუტურად დეგრადირებული კაცია.  თუ ვინმე ფიქრობს,  რომ ეს შემთხვევითია, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეს ასე არაა.  ეს მიზანმიმართული  ქმედებაა. ეს მიმართულია არა ჩვენკენ,  საქართველოს ზრდასრული მოქალაქეებისკენ, არამედ – ჩვენი შვილებისკენ, შვილიშვილებისკენ  მათთვის  ღირებულებების,   ტრადიციების დასანგრევად.  როცა საკითხი ამა თუ  იმ ისტორიული პერსონაჟის შესახებ დგება, მაგალითად  ერეკლე მეორე  –  ის წარმოდგენილია როგორც გმირი, საპასუხოდ ისმის, რომ რის გმირი, რა გმირი,   ცოლი მოღალატე ჰყავდა,  როგორ შეიძლება, გმირს მოღალატე და კახპა ცოლი ჰყავდესო. ისევე როგორც, როცა დაიწყება საკითხი, რომ ილია ჭავჭავაძე,  წმინდა ილია მართალი  დიდი პიროვნება იყო,    პასუხი იქნება, რომ ის იყო ლოთი და მოთამაშე.  ასევე,  როდესაც შეიძლება, დადგეს საკითხი  საქართველოს სამოციქულო ეკლესიასთან   და კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან, რომელიც საქართველოს ეკლესიის თანამედროვე  ისტორიაში აბსოლუტურად უპრეცედენტო ფიგურაა,    იქ ითქმება, რომ ის დეგრადირებული კაცი იყო. ეს არის რეალობა,  რის წინაშეც ვდგავართ. ეს რეალობა   ჩვენი ქვეყნისთვის დიდი საფრთხეა. ამაზე განსაკუთრებით საზოგადოების ყურადღებაა აუცილებელი. ჩემი აზრით,  განგაშის ზარსაც კი საჭიროებს.  როცა შეურაცხყოფენ ყველაზე წმინდას,  რაც  შენთვის არსებობს როგორც საერო ცხოვრებაში, ისე წმინდანთა  დასში, იცით,  რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანადაა შერაცხული, როცა შეურაცხყოფენ შენს დღევანდელობას, ეკლესიას,  მის საჭეთმპყრობელს,  ეს ქართული საზოგადოებისთვის განგაშის თემაა. თუ განგაშის ზარი არ შემოვკარით,  ეს სიბილწე, უკეთურება, გარყვნილება,  საქართველოში  საღ აზრს, ღირსებას, თავმოყვარეობას დათრგუნავს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, დღეს წყდება,  დარჩება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები  ტრადიციული ღირებულებების ერთგული.

„დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის,  აშშ-ის  ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღეს ამერიკელები  თავის ქვეყნის მომავალს წყვეტენ.  დღეს წყდება,  დარჩება თუ არა აშშ ტრადიციული ღირებულებების,  კონსერვატორული  აზროვნების, მისი დამფუძნებელი მამების მიერ ნაანდერძევი ცხოვრების წესის ერთგული,  თუ  ფსევდოლიბერალიზმის ქაოსში ჩაეფლობა, რომლის მოწმენიც დღეს ვართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,  განსაკუთრებით  ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, ისეთი ქვეყნებისთვის, რომელთა ბედი და მომავალი ბევრადაა დაკავშირებული იმასთან, თუ   როგორ ქვეყნად ჩამოყალიბდება აშშ დღეს. როგორი ქვეყანა იყო ის ადრე, ყველამ კარგად ვიცით, განსაკუთრებით – მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ,  როცა მთელს მსოფლიოსა  და ევროპაში ბოლშევიზმის და კომუნიზმის აჩრდილი დაძრწოდა, დაპყრობილი ხალხები აშშ-ის, ამ დიადი მიზნების მატარებელი ქვეყნის მოიმედენი იყვნენ და ასევე ჩვენც, როცა ყველას გვჯეროდა,  რომ დადგებოდა  დღე, როცა ის ფასეულობები, რომელსაც მაშინ  ამერიკის საზოგადოება და ხელისუფლება  იზიარებდა,   ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი გახდებოდა.  სამწუხაროდ,  დღეს სურათი შეცვლილია. არის  ფსევდოლიბერალიზმი, რომლის განსახიერებას დღეს   აშშ -ის  პრეზიდენტი ბაიდენი წარმოადგენს, რომელიც წინასაარჩევნო  საჯარო შეხვედრაზე ასეთ მიმართვას აკეთებს:  „ გეებო და ჯენტლმენებო“, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე,  თუ  რა მსოფლმხედველობის  გამტარებელია ის და მისი პოლიტიკური ჯგუფი. ასევე საჯაროდ,  ერთ-ერთ გენდერულ ლიდერთან ერთად ის  განიხილავს  სახელმწიფო პროგრამას ორსულობის შესახებ, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ  იქნებ, ეს პროგრამა   კაცებზეც გავრცელდეს, რადგან სხვანაირად გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია ხდება. ეს ყველაფერი სერიოზულად ხდება. გარდა ამისა, ერთ-ერთი ქალბატონთან, ვისთანაც ბაიდენს ჰქონდა შეხვედრა,  განიხილავდნენ აბორტების შესახებ საკითხს. იმ ქალბატონმა  შესთავაზა,  იქნებ მამაკაცების სტერილიზაცია გავაკეთოთ  და ქალებს აბორტების გაკეთება არ დასჭირდებათო. ეს არის ამ ფსევდოლიბერალიზმის კატასტროფული შედეგი,  ეს არის სიცრუის,  გარყვნილების და აბსოლუტური დეგრადირების გზა,  რომელსაც, სამწუხაროდ,  ვხედავთ და გვესმის. ეს არის ჯოჯოხეთის გზა. ამას არც აშშ-ის მოქალაქეებისთვის, არც დანარჩენი მსოფლიოსთვის მომავალი არ გააჩნია.

ჩვენ ყველანი ვგულშემატკივრობთ იმას, რომ აშშ-ის საზოგადოებისთვის  რწმენა, კერძო საკუთრება და კანონი მათი არსებობის  ისეთივე მყარ საფუძვლად დარჩეს,   როგორც ის დღემდე იყო. ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აშშ-ის ძლიერების,  მისი მდგრადობის, წესიერების,  ღირსების გარეშე, მსოფლიოში ძალიან რთული ვითარება იქნება. ამის შემყურე  ბარბაროსები ჯანზე მოვიდნენ, მსოფლიოს  ცეცხლით და მახვილით დაერივნენ.  განსაკუთრებით ამას ვხედავთ  ჩვენს მეგობარ ქვეყანაში,  უკრაინაში,   სადაც მთელი მსოფლიოს თვალწინ ათი ათასობით ადამიანი იხოცება და  მშვენიერი ქვეყანა ინგრევა. იმედი ვიქონიოთ, წინასწარი მონაცემებით, „რესპუბლიკელები“ კონგრესს  სერიოზულად იგებენ.    რაც შეეხება სენატს, იქ, ჯერჯერობით,  ხმების  გადათვლა მიდის  და შედეგები ცნობილი არაა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები