საფინანსო სექტორში საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნესმოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტი შეიქმნება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს. ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განმარტებით, კანონპროექტი ახალი ფინანსური ინსტიტუტის – მიკრო ბანკის საზედამხედველო ჩარჩოს გამჭვირვალედ და ეფექტიანად დანერგვის უზრუნველსაყოფად, ასევე მიკრო ბანკის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის მომზადდა.

„კანონპროექტის მიღებით საფინანსო სექტორში შეიქმნება საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნესმოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებული იქნება სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობაზე. აღნიშნული გაზრდის ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას და გამოიწვევს საკრედიტო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას”, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

მისი თქმით, გაიზრდება საფინანსო პროდუქტების ხელმისაწვდომობა და ფინანსური ჩართულობა, განსაკუთრებით რეგიონებში. მისივე განცხადებით, კომერციულ ბანკთან მიახლოებული რეგულირების ჩარჩოთი და მკაფიოდ განსაზღვრული ნებადართული საქმიანობის მიმართულებებით, მიკრო ბანკის ბიზნესმოდელი საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების ზრდას გამოიწვევს. მიკრო ბანკებს სოციალური მისიაც ექნებათ, რაც მცირე ბიზნესის განვითარების შედეგად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები