“სომხებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ვინმე მოვა და მათ მაგივრად იბრძოლებს” – ალიევი
მიუხედავად იმისა, რომ ომი ორი წლის წინ დასრულდა, არსებობს შემაშფოთებელი მომენტები და მე მინდა, სომეხ ხალხს მივმართო, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშაში სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.
მისი თქმით, სომეხი ხალხი ახლა უკვე ხედავს, თუ რა არის ოკუპაცია და დანაკარგები, ხედავენ ოკუპაციის 30-წლიან ტკივილს.
“ჩვენ მხოლოდ მათ ვუპასუხეთ, საკუთარ მიწაზე ვიბრძოდით, საკუთარი მიწიდან აგრესორი განვდევნეთ. მათ ეს უნდა გააცნობიერონ, რომ არ გახდნენ იმ წრეების მსხვერპლი, რომლებიც უცხოეთში სხედან და ამ რეგიონს სათამაშო მოედნად აღიქვამენ. აქ ჩვენ გვაქვს სიტყვა და ძალა. ჩვენმა არმიამ გამოიჩინა გმირობა, პროფესიონალიზმი და თავდადება. თუ საჭირო იქნება, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, მივაღწევთ იმას, რაც გვინდა, ეს ყველამ იცის და ვინც ჩვენს საზღვრებზე სომხეთის მხარდასაჭერად სამხედრო წვრთნებს ატარებს, იმათმაც უნდა იცოდნენ. ვერავინ შეგვაშინებს. თუ სომხეთს სურს კეთილმეზობლობის პოლიტიკის გატარება, უპირველეს ყოვლისა, მან უნდა შეასრულოს 2020 წლის 10 ნოემბრის შეთანხმების ყველა დებულება. ერევანი გულწრფელი უნდა იყოს ბაქოსთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მან დრო ხელოვნურად არ უნდა გააჭიანუროს, არ უნდა ელოდოს რაღაც სასწაულს, რომ ვინმე მოვა და მათ მაგივრად იბრძოლებს. არავინ მოვა და არ იბრძოლებს მათ მაგივრად და რომც მოვიდეს, წინ აზერბაიჯანის არმიას დაინახავს“, – განაცხადა ალიევმა.