იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია პენიტენციური სისტემის მართვის ავსტრიულ გამოცდილებას გაეცნო

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია პენიტენციური სისტემის მართვის ავსტრიულ გამოცდილებას გაეცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას ადგილზე გააცნეს პენიტენციური სისტემის მოწყობისა და მართვის მოდელი, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, მსჯავრდებულთა განათლების, სპორტისა და დასაქმების პროგრამები.

იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე, კორნეუბურგის პენიტენციურ დაწესებულებაში მოადგილეებსა და სპეციალური პენიტენციურის სამსახურის უფროს ნიკა ცხვარაშვილთან ერთად, იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიასთან უკვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტს საქართველოს და ავსტრიის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი იუსტიციის სისტემის რეფორმების სფეროში მჭიდრო პარტნიორობის გაძლიერებას გულისხმობს.

პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემის განვითარება იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყებას 10-წლიანი განვითარების გეგმაში გაწერილი აქვს კონკრეტული ღონისძიებები; მათ შორის, ახალი, მცირე ზომის ე.წ. ოჯახური ტიპის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, საკნის გარე აქტივობების ხელშეწყობა, სწავლაზე მსჯავრდებულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა, რისთვისაც მსჯავრდებულებისთვის უკვე ამოქმედდა ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“. პროექტი შესაძლებლობას აძლევს მსჯავრდებულებს, სრულფასოვნად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.

უწყებისთვის პრიორიტეტულია ძლიერი, უსაფრთხო და ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველყოფა, რისთვისაც ხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი. იუსტიციის სამინისტრო ხელს უწყობს პატიმრების დასაქმებასა და მომავალი პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები