ირაკლი ზარქუა – ოპოზიციაზე: პირდაპირ ვერც იმას ამბობენ, რომ “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება არ უნდათ
“თაგვმა თხარა, თხარაო“ – ასე მოუვიდა ოპოზიციას “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აცხადებს.
მისივე თქმით, კანონპროექტზე მუშაობისას ოპოზიციის ორმაგი სტანდარტები კარგად გამოჩნდა.
“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე ოპოზიციის პოზიცია მათი ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა. ჯერ კანონის მიღებას ითხოვდნენ. ავდექით და უკრაინული მოდელი გადმოვიტანეთ, რომელიც დასავლეთმა მოიწონა. მათ უკრაინას უთხრეს, რომ დიდი მოლოდინი აქვთ ამ კანონის შესრულებაზე. ამიტომ, ზუსტად ავიღეთ და გადმოვიტანეთ უკრაინული მოდელი, რათა არავის ჩაეთვალა, რომ “ქართულ ოცნებას“ რაღაც თავისი კრიტერიუმები აქვს. ჰოი, საოცრება! – ახლა მას რადიკალური ოპოზიცია მხარს არ უჭერს. მე მესმის მათი, რადგან ვინც ოპოზიციას აფინანსებს, კანონში წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით პოტენციური ოლიგარქია – ესენი არიან “ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი, “ლელოს“ დამფუძნებლები და დაფინანსებლები ხაზარაძე-ჯაფარიძე, აქეთ ჭიჭე ვაშაძის დამფინანსებლები – ფაქტობრივად, ამ კანონით, როგორც იტყვიან: „თაგვმა თხარა, თხარაო“ – ასე მოუვიდათ. ახლა არ იციან რა ქნან და როგორ აიცილონ. პირდაპირ ვერც იმას ამბობენ, რომ “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება არ უნდათ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო ცხრა.