ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაცია ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და პრინციპულად მნიშვნელოვანია, ოლიგარქებმა, რომლებმაც ხალხის ხარჯზე მიიღეს სისხლიანი ფული, არ დაიბრუნონ საქართველოში ძალაუფლება

ოპოზიციას აქვს არა დეოლიგარქიზაციის ინტერესი, არამედ სწორედ ის ინტერესი, რომ საქართველოში ოლიგარქები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ეს არის ძალიან სუბიექტური, რადგან ყველა ოლიგარქი არის დღეს მათ მხარეს, მათ ინტერესებშია, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, დაუბრუნონ ძალაუფლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის ​კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა, საიდანაც გამოჩნდა, რომ ისინი არიან დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგნი.

„მათი პირდაპირი პოლიტიკური სუბიექტური ინტერესია, ძალაუფლება დაიბრუნონ ოლიგარქებმა. ხომ ვიცით, ვინ არიან ესენი – სააკაშვილი, კეზერაშვილი და სხვები. ეს არის მათი პოლიტიკური ინტერესი. აქედან გამომდინარე არ დაუჭირეს მათ მხარი ​დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ კანონპროექტის განხილვას, მიღებას, გამომდინარე იქიდან, რომ მიგვაჩნია დეოლიგარქიზაცია ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და პრინციპულად მნიშვნელოვანია, ოლიგარქებმა, რომლებმაც ხალხის ხარჯზე მიიღეს სისხლიანი ფული, მილიონები, მილიარდები, არ დაიბრუნონ საქართველოში ძალაუფლება. ქვეყანას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

„ზუსტად იმავე კანონს კონკრეტული ადამიანები, ქართველები, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მხარს უჭერდნენ უკრაინაში. დღეს მათ მხარი არ დაუჭირეს ზუსტად იდენტურ კანონს და წინააღმდეგაც კი მისცეს ხმა. ეს აჩვენებს იმას, რომ სინამდვილეში მათ აქვთ არა დეოლიგარქიზაციის ინტერესი, არამედ სწორედ ის ინტერესი, რომ საქართველოში ოლიგარქები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს არის ძალიან სუბიექტური, რადგან ყველა ოლიგარქი არის დღეს მათ მხარეს, ეს არის კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე, ჯაფარიძე, ჭუტა და ა.შ. მათ ინტერესებშია, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, დაუბრუნონ ძალაუფლება. ეს არის სუბიექტური ინტერესი. აქედან გამომდინარე, ისინი მოქმედებენ ორმაგი სტანდარტით – ზუსტად იმავე კანონს მხარს უჭერდნენ უკრაინაში და ახლა ეწინააღმდეგებიან საქართველოში. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც საფუძვლად უდევს სუბიექტური სუბიექტური ინტერესები“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კითხვაზე, რა პოზიცია აქვს მმართველ გუნდს ალტერნატიულ კანონპროექტზე, რომელზეც ოპოზიცია მუშაობს, კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის პოზიციები არის ძალიან მყარი, რადგან უკრაინულ მოდელს ევროკომისიის ხელმძღვანელის მაღალი შეფასება აქვს მიღებული.

„უკრაინამ მიიღო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომელიც ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეაფასა და ამ კანონს მისცა ძალიან მაღალი შეფასება. ეს არის მოცემულობა. ანუ არის მოცემულობა, როდესაც უკრაინაში არის მიღებული კანონი, ამ კანონს აქვს მიღებული მაღალი შეფასება ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან და ასევე, ოლიგარქის ცნება არის უნივერსალური, ანუ ეს ცნება ვერ იქნება სხვა უკრაინაში და სხვა საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი. და მეორე ობიექტური მოცემულობა ასევე არის, რომ ჩვენ სუბიექტურადაც და ობიექტურადაც ვართ დაინტერესებული, საქართველოში განხორციელდეს დეოლიგარქიზაცია, არ დავუშვათ საქართველოში ოლიგარქების ძალაუფლებაში დაბრუნება, ოპოზიციას აქვს საპირისპირო ინტერესი, მათ პირიქით, სურთ, ოლიგარქები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ხელახლა მოიპოვონ ძალაუფლება. კარგად გვახსოვს, როგორ იყენებდა ბოროტად ძალაუფლებას მაგალითად, კეზერაშვილი, ან იგივე სააკაშვილი და სხვები. ამის არდაშვება, რა თქმა უნდა, არის ჩვენი სუბიექტური და ობიექტური ამოცანა. ეს არის ქვეყნის ინტერესებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ესენი არიან: არმაზ ახვლედიანი, სანდრო რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხატია დეკანოიძე, ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და იაგო ხვიჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები