რა ახალი უფლებები აქვთ მომხმარებლებს ფიზიკური და ონლაინვაჭრობის შემთხვევაში – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განმარტება
კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლების განცხადებები უკვე შევიდა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
„სამშაბათს, 1-ელ ნოემბერს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის“ აღსრულების პროცესი დავიწყეთ. 1-ელ ნოემბერს უკვე 3 განაცხადი დაფიქსირდა. ერთი ონლაინვაჭრობის შემთხვევას, 2 კი ფიზიკური ვაჭრობის შემთხვევას ეხებოდა. ეს იყო ტექნიკის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა. ჩვენი გუნდი საჩივრების დასაშვებადობას განიხილავს და შედეგები გარკვეული პერიოდის შემდეგ გვექნება. ყოველთვიურად განაცხადების რაოდენობის, შინაარსისა და განაცხადების გეოგრაფიის შესახებ სტატისტიკას გამოვაქვეყნებთ, რათა მოქალაქეები ინფორმირებულები იყვნენ, თუ რა ტიპის და როგორი მიმართულებით ხდება ჩვენთან განაცხადების მიღება“, – განაცხადა ლექვინაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონით, მომხმარებლებს ფიზიკური და ონლაინვაჭრობის შემთხვევაში ახალი უფლებები აქვთ.
„კანონი მოვაჭრეს, ანუ ბიზნესკომპანიას და მოქალაქეს, ანუ მომხმარებელს შორის ურთიერთობას განსაზღვრავს. მოქალაქე მომხმარებელი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ფიზიკური პირია და ამა თუ იმ ნივთს საკუთარი მოხმარებისთვის ყიდულობს. მომხმარებელი ფიზიკური ვაჭრობის, ონლაინვაჭრობის შემთხვევაში სრულიად ახალი უფლებებითაა აღჭურვილი. აქამდე მომხმარებელთა უფლებების დაცვა მხოლოდ რამდენიმე სფეროში ხდებოდა, მაგალითად, საფინანსო, ენერგეტიკის, კომუნიკაციების, დაზღვევის სექტორებში. სხვა დანარჩენი საკითხები ღია იყო და მოქალაქეს ამა თუ იმ პროდუქტის შეძენის დროს, თუ მოვაჭრესთან პრეტენზია ექნებოდა, მხოლოდ სასამართლო იყო ერთადერთი ინსტრუმენტი, სადაც მას საკუთარი უფლების დაცვა შეეძლო. ახალი კანონით, ასეთ საკითხთა განმხილველად კონკურენციის ეროვნული სააგენტო გვევლინება. თუ მოვაჭრე და მომხმარებელი პრეტენზიის გამოთქმის შემთხვევაში ვერ თანხმდებიან და კომპრომისს ვერ აღწევენ, მოქალაქეს შეუძლია, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მომართოს. ჩვენი უწყება საკითხის განხილვას იწყებს.
რა საკითხებს ეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვა: ფიზიკური ვაჭრობის შემთხვევაში ყველა მოვაჭრე ვალდებულია, მყიდველს პროდუქციის შესახებ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს. თუ მომხმარებელს სურვილი ექნება, პროდუქცია უკან დააბრუნოს, თუ პროდუქციას ქარხნული წუნი, ან ხარვეზი აღმოაჩნდება, როგორ უნდა მოხდეს მისი უკან დაბრუნება, გაცვლა ან ა.შ – ამ საკითხების რეგულირება ხდება.
არაინფორმირებულობის შემთხვევაში, მოქალაქეს უფლება ექნება, აღნიშნული საკითხი ჩვენთან გაასაჩივროს. შემოდის გარანტიების სისტემა. ნებისმიერ პროდუქტზე კანონი 2- წლიან სავალდებულო გარანტიას განსაზღვრავს. ნებისმიერ პროდუქტს 2-წლიანი გარანტია ექნება. თუ პირველ 6 თვეში პროდუქციის ხარვეზის შესახებ საკითხი დადგება, მოქალაქეს შეუძლია, პროდუქტის უკან დაბრუნება უზრუნველყოს. პირველ 6 თვეში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება, 6 თვის შემდეგ მყიდველმა უნდა დაამტკიცოს, რომ პროდუქცია ხარვეზიანი იყო და მისი უკან დაბრუნება ამის გამო ხდება.
კანონი ასევე მოიცავს უსამართლო კომერციული პრაქტიკის, არასწორი ინფორმირების, მოქალაქის შეცდომაში შეყვანის, პროდუქტის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდების საკითხებს. ნებისმიერი ასეთი საკითხის წარმოების დროს, ბუნებრივია, მოქალაქე დამატებითი უფლებებითაა აღჭურვილი“, – განაცხადა ლექვინაძემ.
მანვე განმარტა, რა წესები მოქმედებს ონლაინვაჭრობის შემთხვევაში.
„ოდნავ განსხვავებული მიდგომაა ონლაინვაჭრობის შემთხვევაში. ფიზიკური ვაჭრობის დროს ყველა მოვაჭრე თვითონ განსაზღვრავს დღეების რაოდენობას, რა დროის მანძილზე შეუძლია, მოქალაქეს უკან დააბრუნოს პროდუქცია. ონლაინვაჭრობის შემთხვევაში ახალი მიდგომა, დაცვის უფრო მაღალი გარანტია შემოდის, ესაა 14- დღიანი უპირობო დაბრუნების ვადა. მაგალითად, თუ მოქალაქემ ონლაინ გამოიწერა პროდუქტი, სურათში ნახა, რეალურად კი სხვა პროდუქტი მიიღო, ან ზომა , ან ფორმა შესაბამისი არ იყო, გარკვეული წუნი აღმოაჩნდა, იქნება ეს ტექნიკა, ტანსაცმელი, თუ ნებისმიერი სხვა საქონელი, მოქალაქეს შეუძლია, აღნიშნული პროდუქტი 14 -დღიან ვადაში უპირობოდ დააბრუნოს. მოვაჭრე ვალდებულია, რომ პროდუქტი დაიბრუნოს. თუმცა, არის რამდენიმე გამონაკლისი, რომელსაც 14-დღიანი დაბრუნების ვადა არ ეხება, მაგალითად: პროდუქტი 30 ლარზე მეტი ღირებულების უნდა იყოს, პროდუქცია მალფუჭებადი არ უნდა იყოს, ასევე, თუ პროდუქტს შენახვის განსაკუთრებული პირობები აქვს, მაგალითად, მედიკამენტების შემთხვევა.
14 -დღიანი უპირობო დაბრუნების ვადასთან დაკავშირებით ჩვენთან კითხვები ხშირად შემოდის, მაგალითად: მოქალაქემ შეიძინა ონლაინ, მოიხმარა პროდუქტი და მოხმარების მეცამეტე დღეს დაგვიბრუნა – ასეთ დროს რა ხდება? მოვაჭრემ ონლაინვაჭრობის შემთხვევაში თავის ვებგვერდზე პროდუქტის უკან დაბრუნების პირობები დეტალურად უნდა ახსნას, თუ რა პროდუქტს ეხება და რას არა ეს მიმართულება. კანონის მიხედვით გარკვეული დათქმებია. მაგალითად: თუ პროდუქტს მოხმარების კვალი ეტყობა, თუ პროდუქტი თავდაპირველად დაზიანებული არ იყო და მოხმარების დროს დაზიანდა, ან პირველადი სახე აქვს დაკარგული, ასეთ შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, პროდუქტი არ დაიბრუნოს, ან დაიბრუნოს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. თუ ამ პროცესში მოვაჭრის და მოქალაქის შეთანხმება ვერ მოხდება და საკითხი კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში გადმოინაცვლებს, ბუნებრივია, ამ საკითხებს საქმის წარმოებისას მნიშვნელოვან ყურადღებას მივაქცევთ“, – განაცხადა ლექვინაძემ.
მანვე განმარტა, როგორ უნდა მიმართონ მოქალაქეებმა სააგენტოს.
„სააგენტოში ცხელი ხაზი მოქმედებს, ასევე, არის სპეციალური მეილის მისამართი, სადაც დადგენილი ფორმით ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მოგვმართოს. ეს ფორმა ჩვენს ვერბგვერდზეა განთავსებული.
განაცხადი რამდენიმე ძირითად მონაცემს მოიცავს: ესაა მოვაჭრის დასახელება, განმცხადებლის ძირითადი მონაცემები, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, პრობლემის აღწერა და არსებობის შემთხვევაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, ეს შეიძლება, იყოს „სქრინები“, მაგალითად, ვიდეო, რომელიც ამ პროდუქტის, თუ საქონლის მუშაობის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებს ასახავს. განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში კონკურენციის ეროვნული სააგენტო განაცხადების დასაშვებადობას განიხილავს. ჩვენ ვეუბნებით მოქალაქეს, რომ მისი საკითხი საქმის წარმოებაშია დაშვებული. შემდეგ 1 თვის ვადაში საკითხი უნდა განვიხილოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ: ჰქონდა თუ არა დარღვევას ადგილი. თუ აღმოჩნდება, რომ მოქალაქე მართალია და მოვაჭრეს დარღვევა უფიქსირდება, პირველ ეტაპზე მოვაჭრეს ვაფრთხილებთ, რომ დარღვევა დაუდგინდა და პრობლემა გონივრულ ვადაში უნდა აღმოიფხვრას. თუ გონივრულ ვადაში საკითხის მოგვარება არ მოხდება, შემდეგ საჯარიმო სანქციებია განსაზღვრული. ჯარიმა კომპანიის წინა წლის ფინანსური ბრუნვის 2 %-მდე მაჩვენებელს მოიცავს, რაც საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია.
ასევე ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ამ პროცესშია გასათვალისწინებელი: თემა, რომელიც კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში საპრეტენზიოდ მოდის, უნდა ეხებოდეს, არა კონკრეტულ ერთ მომხმარებელს, არამედ მომხმარებელთა უფრო ფართო ჯგუფს. მაგალითად, ტექნიკის ყიდვის შემთხვევაში, თუ ქარხნული წუნი აღმოვაჩინე, რა თქმა უნდა, განაცხადს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში ერთი მოქალაქე აკეთებს, თუმცა, ეს ქარხნული წუნი ბევრ მომხმარებელზეა გავრცელებადი, თუ იმ პარტიას ტექნიკური წუნი აღმოაჩნდა, ეს, შესაძლოა, მოქალაქემ ერთ შემთხვევაში აღმოაჩინა, მაგრამ, ასეთი რისკი სხვა შემთხვევაშიც, შეიძლება, არსებობდეს – შესწავლის საგანი ასეთი ტიპის საკითხები იქნება. მაგრამ, თუ პრობლემა ერთ კონკრეტულ მოქალაქეს ეხება და სხვა მოქალაქეების ჯგუფურ ინტერესს არ ფარავს, ამ შემთხვევაში სააგენტო არ არის ვალდებული, შესწავლა დაიწყოს. მაგალითად, ფეხსაცმელი ვიყიდე და მეორე დღეს გამიფუჭდა, თუ მასშტაბური პრობლემა არაა, ასეთი დაზიანება ფეხსაცმლის ყველა სახეობას, რომელსაც ეს მოვაჭრე ყიდის, არ ეხება და დაზიანება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია, ეს ინდივიდუალური „ქეისია“ და ინდივიდუალური „ქეისების“ განხილვას სააგენტო არ ახდენს. თუ მოვაჭრე და მომხმარებელი ჩვენს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, შეუძლიათ, სასამართლოს მიმართონ და დავა იქ განაგრძონ“, – განაცხადა ლექვინაძემ.
ცნობისთვის, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა განაცხადების მიღება და განხილვა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყო.
სააგენტოს ცნობით, მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნეს მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი და ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია.
კანონი ძალაში 1-ელ ივნისს შევიდა.
“აღნიშნულ პერიოდში, შეიქმნა და დაკომპლექტდა შესაბამისი დეპარტამენტი. განხორციელდა საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა/ანალიზი, მოხდა თანამშრომელთა გადამზადება. გაიწერა სამოქმედო გეგმა. დამუშავდა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მომზადებული კანონქვემდებარე აქტი, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოში მოქმედ 20-მდე ბიზნეს ასოციაციის, სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო კოლეგა უწყებების, ელექტრონული კომერციის ასოციაციის პარტნიორ ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ. კანონის გაცნობის მიზნით, აქტიური დიალოგის რეჟიმი მიმდინარეობს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან. ამოქმედდა ცხელი ხაზი – (032) 2 05 4422; 598 05 4422, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს დარეკოს და მისთვის მნიშვნელოვანი, საინტერესო ინფორმაცია მიიღოს”- აცხადებენ სააგენტოში.
თამუნა შეყილაძე