რაგბის კავშირი საჯარო სკოლების ასობით მოსწავლეს შემოდგომის სერიის მატჩებზე დასასწრებ ბილეთებს გადასცემს

ხვალ, 4 ნოემბერს, 11:30, დიღომში მდებარე 192-ე სკოლას ეროვნული სარაგბო ნაკრების სახელოვანი მოთამაშეები აბჟანდაძე, ნინიაშვილი, ჭეიშვილი და კვესელაძე ესტუმრებიან და ურუგვაისთან შემოდგომის სერიის მატჩზე დინამოს სტადიონზე დასასწრებად ბილეთებს აჩუქებენ, უპასუხებენ მოსწავლეთა კითხვებს ქართული რაგბის ბოლოდროინდელ არნახულ წარმატებებსა და არსებულ გამოწვევებზე.

ურუგვაისთან და სამოასთან შემოდგომის სერიის მატჩებზე რაგბის კავშირი თბილისის 12 საჯარო სკოლის ასობით მოსწავლეს იწვევს;

ეს სკოლები კულტურისა და სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, ასევე ფონდ ქართუსა და რაგბის კავშირის ეგიდით უკანტაქტო რაგბის სასწავლო პროგრამაში არიან ჩართულნი.

პროგრამა მსოფლიო რაგბის მიერ არის შემუშავებული და ბავშვების ადრეული ასაკიდანვე რაგბში ჩართვას, მათ გაჯანსაღებას და თანასწორობის დამკვიდრებას ემსახურება. ამ ეტაპზე პროგრამა 12 სკოლაში ინერგება, საბოლოო ჯამში კი საქართველოს 120 საჯარო სკოლას მოიცავს. რაგბი ჩვენი თამაშია, თითოეული ჩვენგანის – ამ კონცეფციის ფარგლებში სახელოვან მორაგბეთა ვიზიტები სხვა სკოლებშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები