პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით მიიღო
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 84 ხმით მიიღო კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
„საკითხი შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრებისთვის კანდიდატის სტატუსის მოსანიჭებლად 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში შესასრულებელ ამოცანას. მოგეხსენებათ, რომ 12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთი შესასრულებელი საკითხი სწორედ ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერებას ეთმობა”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას.
მომხსენებლის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის მიზნით, კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ფართო სპექტრის მონაწილეობით, რომელმაც მნიშვნელოვანი სამუშაო განახორციელა. მისივე თქმით, პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა. ცვლილებები შედის 27 კანონში, მათგან ძირითადი ცვლილებები წარმოდგენილია კანონში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” და პარლამენტის რეგლამენტში. კანონპროექტის ზოგადი პრინციპების წარდგენისას, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ პროექტით კანონის ახალ სათაურად შემოთავაზებულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონი.
ცვლილებების თანახმად, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც თავის საქმიანობას განახორციელებს დამოუკიდებლად, ხოლო ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ვალდებული იქნება მას საქმიანობის სათანადო პირობები შეუქმნას. კანონპროექტით, ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. იგი ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს ექნება დამოუკიდებლობის მაღალი მანდატი და იგი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ბიუროს ხელმძღვანელი წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, ხოლო პერიოდულ ანგარიშებს წარუდგენს უწყებათაშორის ანტიკორუფციულ საბჭოს. ბიუროს ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცედურების დაცვით მოხდება. კანდიდატურებს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს და თანამდებობაზე 6 წლის ვადით დანიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს. საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.