დანიის პრემიერმა თანამდებობა დატოვა

დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა, რომელიც სოციალ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, თანამდებობა დატოვა.

1-ელ ნოემბერს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად ფრედერიქსენის პარტიამ გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად, გადადგომის შემდეგ მას ახალი კოალიციის და მთავრობის ფორმირება მოუწევს.

მედია წერს, რომ კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, გაჭიანურდება, რადგანაც არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი იმ ფართო კოალიციასთან დაკავშირებით, რომლის შექმნაც სურს დანიის ყოფილ პრემიერს.

არჩევნების შედეგად, მემარცხენე ბლოკმა, რომლის ნაწილია სოციალ-დემოკრატიული პარტია, 179-ადგილიან პარლამენტში 90 მანდატი მოიპოვა, ხოლო მემარჯვენე ბლოკმა – 72, ახლადშექმნილმა ცენტრისტულმა პარტიამ კი – 16 ადგილი.

მეტე ფრედერიქსენმა ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც მემარცხენე პარტიამ, რომელიც მხარს უჭერდა მის მთავრობას, მხარდაჭერა გააუქმა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან წინა ღამით, ეგზიტპოლების მიხედვით, მემარცხენე და მემარჯვენე ბლოკები ფეხდაფეხ მიდიოდნენ, შესაბამისად, მემარცხენე ბლოკის გამარჯვება გარანტირებული არ იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები