ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ანგარიშში საუბარი ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, ღონისძიებასა და ინიციატივას შეეხო, რომელიც ნინო ვარდოსანიძის საკრებულოს წევრად არჩევის მომენტიდან განხორციელდა.
“ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის საქმიანობას, ასევე საუბარია გარემოს დაცვის კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და აქტივობებზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობასა და ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გაწეულ საქმიანობაზე.
საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გუნდის წევრმა სამგორის რაიონის მედიათეკაში შეკრებილი საზოგადოებისთვის მიმართვისას აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საკრებულოს მიერ გამოცემულია 113 დადგენილება და 649 განკარგულება. მიღებული განკარგულებების 13% კი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივითაა მომზადებული. მითითებულ პერიოდში კომისიის მიერ ჩატარებულ 12 სხდომაზე განხილულია 200-ზე მეტი საკითხი და მისამართის არქონით გამოწვეული სირთულეები მოუგვარდა 2000 – ზე მეტ მოქალაქეს. მისამართის აღმნიშვნელი აბრა დაახლოებით 10 000 მისამართზე განთავსდა. კომისიის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან ათობით შეხვედრა გამართა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები ადგილზე შეისწავლა.
უმრავლესობის წევრმა ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ კომისიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლებში გარდაცვლილი გმირების სახელების უკვდავყოფისთვის. მისივე თქმით, ქუჩებს მიენიჭა საქართველოს გასაბჭოების წინააღმდეგ მებრძოლი იუნკერების, 9 აპრილის დარბევისას გარდაცვლილი მოქალაქეების, აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების სახელები. ათობით ქუჩას დაერქვა საქართველოს კულტურის, მეცნიერების, სპორტის მოღვაწეთა სახელები.
გარდა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის საქმიანობის მიმოხილვისას, ნინო ვარდოსანიძემ გარემოს დაცვის კომისიაზეც ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კომისიის 17 სხდომა ჩატარდა, სადაც 116 საკითხი განიხილეს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოს დაცვის ღონისძიებების მიმართულებით გაზრდილი ბიუჯეტი და მწვანე ნარგავების მოვლა პატრონობის წესის მიღებაა.
რაც შეეხება ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო“-ს, ნინო ვარდოსანიძემ მონაწილეობა ფრაქციის 23 სხდომაში მიიღო, სადაც 42 საკითხი განიხილეს.
გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაოებიდან კი ნინო ვარდოსანიძემ გენდერული სტრატეგიის შექმნის მიმდინარეობაზე და თემატურ აქტივობებზე გააკეთა აქცენტი.
გარდა გაწეული საქმიანობის მიმოხილვისა, ნინო ვარდოსანიძემ დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმებსა და პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.