გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ორჰუსის კონვენციის თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადების თაობაზე იმსჯელა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კონვენციის“ (ორჰუსის კონვენცია) თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ რატიფიცირებული ორჰუსის კონვენციის ქართულენოვანი ტექსტი არ არის მაქსიმალურად მიახლოებული ინგლისურენოვან ტექსტთან.

„კონვენციის ქართულენოვან ტექსტს გამოიყენებენ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები. მნიშვნელოვანია რომ ის მაქსიმალურად ასახავდეს კონვენციის ძირითად დებულებებს. იქიდან გამომდინარე, რომ კონვენციის რატიფიცირება პარლამენტის მიერ მოხდა, შესაბამისად ინგლისურ ტექსტთან მაქსიმალურად დაახლოებული თარგმანის ტექსტიც ასევე პარლამენტს წარედგინება, რომ მოხდეს მისი კორექტირება“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, ყველას ინტერესშია, რომ გვქონდეს სწორი და სრული თარგმანი.

„რადგან წლების განმავლობაში ამ თარგმანთან დაკავშირებით მართლაც იყო ხარვეზები. როგორც ამ კონვენციის ყოფილი თავმჯდომარე, მივესალმები, რომ ტექსტი კორექტირდება. მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზები იყო ტექსტში, ამას არ შეუშლია ხელი საქართველოში ორჰუსის კონვენციის პრაქტიკაში წარმატებით გამოყენებისთვის. იყო დრო, როდესაც სასამართლოების საერთოდ არ იღებდნენ საჩივრებს დაინტერესებული პირებისგან, ბოლო პერიოდში ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ ამ კონვენციას და ეს იმის დამსახურებაა, რომ უკვე კარგად არის ხელისუფლების ყველა კონვენცია აღქმული“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც უფრო დეტალურად იმსჯელებენ კონვენციის ქართულ ტექსტთან დაკავშირებით. კენჭისყრის პროცედურა მომდევნო სხდომაზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები