საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების საკითხზე იმსჯელა
„საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონთან” დაკავშირებით კონსტიტუციურ სარჩელზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების საკითხი იყო დღეს მსჯელობის საგანი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, დეპუტატთა ჯგუფმა წარმოადგინა საკონსტიტუციო სარჩელის აპლიკაციის ფორმა, რომელსაც 42 დეპუტატი აწერს ხელს.
„კომიტეტის აპარატის მიერ გაწეული შესაბამისი საპროცედურო საქმიანობის შედეგად შემოწმდა ხელმოწერების ნამდვილობა. ისინი დაუკავშირდნენ ყველა ხელმომწერს, რომლებმაც დაადასტურეს მათი ხელმოწერის ნამდვილობა.
შესაბამისად ჩვენ გვაქვს უფლება, რომ არსებულ საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმოწერები ვცნოთ ნამდვილად. მომზადებულია შესაბამისი დასკვნა, სადაც წერია, რომ აღნიშნული საქართველოს რეგლამენტის მე-200 მუხლით მინიჭებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლებას იძლევა,” განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. დეპუტატებმა დღეს მხარი დაუჭირეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნას.