მცირე და საშუალო საწარმოებში ეკო-ინოვაციური მიდგომების გასაცნობად პრესტური გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, პრესტური გაიმართა იმ მცირე და საშუალო საწარმოებში, სადაც ეკო-ინოვაციური მიდგომები გამოიყენება, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრესტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს საწარმოები, რომლებმაც უკვე გადადგეს გარკვეული ნაბიჯები თავიანთი წარმოების პროცესის გამწვანებისკენ. მონაწილეები ადგილზე გაეცნენ „ეკო ჯორჯიან გრუპის“, „ბიოდიზელ ჯორჯიას“, „ყვარლის ბაგას“ და „სართიჭალა ვაინეარდ მენეჯმენტის“ მუშაობის პროცესებს.

მედიის წარმომადგენლები სოფელ იყალთოში მდებარე ენერგოეფექტურ საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ, რომლის რეაბილიტაცია ევროკავშირის მხარდაჭერით განცორციელდა. პრესტურის ფარგლებში გაიმართა შეხვედრაც, რომელიც მიზნად ისახავდა მედიის წარმომადგენლების, მეწარმეებისა და გადაწყვეტილებების მიმღებთა შეკრებას მათი მოსაზრებების და გეგმების გაზიარების მიზნით მდგრადი ბიზნესის პრაქტიკებისა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეკოეტიკეტირებისა და მდგრადი წარმოების უპირატესობების შესახებ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მედიის წარმომადგენლებს საქართველოში მწვანე ეკონომიკისა და მისი პრინციპების დანერგვის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პრესტურს მედიის წარმომადგენლებთან ერთად, UNEP-ის პროგრამის ოფიცერი ფარიდ იაკერი, EU4Environment პროექტის ექსპერტი ლესია ნიკოლაევა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმდჯომარის მოადგილე კახა დემეტრაშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულო EU4Environment პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომლის აქტივობების განმახორციელებელია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP). გაეროს გარემოსდაცვის პროგრამა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით აქტიურად მუშაობს მდგრადი საჯარო შესყიდვების დანერგვისა და პოპულარიზაციის მიზნით.
აღნიშნული ღონისძიებები მოიცავს კანონმდებლობის გაუმჯობესებას მდგრადი საჯარო შესყიდვების დებულებების დასანერგად. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლას, კერძოდ, მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომის დანერგვას, ეკოეტიკეტირებისა და ეკო-ინოვაციების წახალისებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები