“სითი ინსტიტუტმა” თბილისის გენგეგმის პროექტისთვის “უძრავი ქონების ოსკარი” მიიღო
“სითი ინსტიტუტი საქართველომ” თბილისის გენერალური გეგმის პროექტისთვის “უძრავი ქონების ოსკარი” მიიღო.
28 ოქტომბერს, სასტუმროში “პულმან თბილისი აქსის თაუერსი”, საქართველოში პირველად გაიმართა უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ქართული წარმომადგენლობის, FIABCI-Georgia-ს გალა-დაჯილდოება Prix d’ Excellence Awards – “უძრავი ქონების ოსკარები”.
“უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო FIABCI-Georgia-ს და მის პრეზიდენტს ქალბატონ ლიკა ქარდავას ამ მეტად საჭირო ინიციატივისთვის, რაც უთუოდ უდიდესი სტიმული გახდება დეველოპმენტის, პროექტირების და საერთოდ, უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოში. მადლობა კომპეტენტურ საერთაშორისო ჟიურის და გენგეგმის ავტორ, ქართულ-გერმანულ-ფრანგულ დიდ გუნდს, რომელმაც მართლაც პრინციპული, მართალი და ნამდვილად თანამედროვე ევროპული სტანდარტების ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი შეიმუშავა ქალაქ თბილისისათვის”, – განუცხადა “კვირას” მამუკა სალუქვაძემ, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორმა.
გამარჯვებულ კომპანიებსა და პროექტებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d’Excellence Awards., რომელიც გაიმართება 2023 წლის 8 ივნისს, მაიამიში, აშშ.
