საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდისა და დახვეწის მიზნით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის

საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდას და დახვეწას ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო.

„კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში ხორციელდება. მესამე მოსმენისთვის გარკვეული რედაქციული ხასიათის შენიშვნები გამოითქვა, რაც პროექტში აისახა. შინაარსობრივი ცვლილება მესამე მოსმენისთვის არ გამოთქმულა”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე კიდევ ერთი კანონპროექტის თაობაზე იმსჯელეს.

პარლამენტის წევრების: შალვა შავგულიძის, დავით უსუფაშვილის და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ”, სხდომაზე შალვა შავგულიძემ წარადგინა.
მისი განმარტებით, პროექტის თანახმად, თუ წამყვანი კომიტეტი ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში არ განიხილავს კანონპროექტს, სესიის ვადის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი გაწვეულად არ ჩაითვალება, როგორც ეს მოქმედ რეგლამენტშია გაწერილი. ინიციატორს ექნება უფლება პროექტი პლენარულ სხდომაზე წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე გაიტანოს განსახილველად. როგორც კომიტეტის სხდომაზე განმარტეს, მოქმედ რეგლამენტში უკვე არსებობს შესაბამისი რეგულაცია, და კანონპროექტი კომიტეტის განხილვის გარეშე გადის პლენარულ სხდომაზე. კერძოდ, თუ წამყვანი კომიტეტი დადგენილ ვადაში არ იხილავს საკითხს, შესაძლებელია ბიუროს წინაშე საკითხის დაყენება, რათა ის ბიუროს გადაწყვეტილებით პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჩაეწეროს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა წარდგენილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები