დიმიტრი გვრიტიშვილი: თუ ვინმე ფიქრობს, რომ უმაღლეს საბჭოს აქვს გადამეტებული უფლებამოსილება, მაშინ შეიძლება ამ უფლებამოსილების ელემენტარულად სხვა სუბიექტზე გადანაწილება
იმ 12 რეკომენდაციიდან, რომელიც ევროკავშირის პირობაა, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, მე-3 პუნქტი შეეხება სასამართლოს და ამასთან დაკავშირებით არსებობს რეფორმის ჯგუფი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან. სამწუხაროდ, ამ პუნქტების შინაარსის თავისებური ინტერპრეტაცია ხდება ჩვენი ოპონტებების მხრიდან, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე, დიმიტრი გვრიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„მაგალითად, როდესაც საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზე, მაინც და მაინც ამას უკავშირებენ დაკომპლექტების წესის ცვლილებას. არადა, იქ ამაზე საუბარი არ არის. იქ საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაჭარბებულ უფლებამოსილებებზე. თუ ვინმე ფიქრობს, რომ უმაღლეს საბჭოს აქვს გადამეტებული უფლებამოსილება, მაშინ შეიძლება ამ უფლებამოსილების ელემენტარულად სხვა სუბიექტზე გადანაწილება“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.