პროკურატურამ საარჩევნო უბანზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ 2020 წლის 31 ოქტომბერს, თბილისში საარჩევნო უბანზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნების მიმდინარეობისას, თბილისში, მირიან მეფის ქ.№16ა-ში განთავსებულ №90 კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ზ.კ.-მ და კ.ხ-მ ერთმანეთის მიმართ ძალადობა განახორციელეს. კ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში სხვაგვარი ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზ.კ.-ს მიმართ გამოტანილია დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარედგინება.
პროკურატურამ კ.ხ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა, ხოლო რაც შეეხება ზ.კ.-ს, ბრალის წარდგენის შემდგომ, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.