ალუდა ღუდუშაური: როგორც ჩანს, ბატონმა ვაშაძემ შოუმენის როლი მოირგო, სხვებმა ანტურაჟის როლი, პოზირებენ და “სელფებს” იღებენ
“მათთვის ქვეყნის პროგრესი და წინსვლა მათ პოლიტიკურ კრახთან ასოცირდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის ბრიუსელში ვიზიტსა და მათ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ისინი ქვეყნის ინტერესებს მიზანმიმართულად აზიანებენ.
“შიგნით როლები აქვთ განაწილებული, ვიღაცას აქვს შოუმენის როლი, ვიღაცას ანტურაჟის როლი. როგორც ჩანს, ბატონმა ვაშაძემ შოუმენის როლი მოირგო, სხვებმა ანტურაჟის როლი, პოზირებენ და სელფებს იღებენ. აქ არის ერთი რამ მთავარი, რომ მათთვის ქვეყნის პროგრესი და წინსვლა ასოცირდება მათ პოლიტიკურ კრახთან. პირდაპირ, ქვეყნის ხვალინდელი უკეთესი მომავალი იგულისხმება მათთვის, რომ მათთვის პოლიტიკურად ეს არის წამგებიანი. შესაბამისად, მიზანმიმართულად ურტყამენ ქვეყნის ინტერესებს”, – აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ 19-21 ოქტომბრის ბრიუსელის ვიზიტის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, ” ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ევროპის ნაწილი ვერ გახდება.