გივი მიქანაძემ ახალგაზრდული კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
„ახალგაზრდობა ჩვენი მომავალია და მათზე აქცენტები მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს”, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ კონფერენციაზე „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის” გამოსვლისას, სადაც მან მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ღონისძიებაზე, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს და „ქეა კავკასიის” მხარდაჭერით ჩატარდა, პარლამენტის წევრმა ხელისუფლების მიერ ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერასა და ადგილობრივ თვითმმართველობებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ნებისმიერი პროექტი, რომელიც ახალგაზრდების განვითარებას და ინკლუზიურობას ეხმაურება, უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს პროექტი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მას დიდი რეგიონალური ჩართულობა აქვს და მასში წარმოდგენილია ეთნიკური უმცირესობები და მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები მცირე ასაკიდან იზრდებოდნენ ერთად, ერთმანეთის კულტურას ეზიარებოდნენ და ჰქონდეთ შესაძლებლობა ერთობლივი პროექტები განახორციელონ. პროექტის დასახელებაც, რომელიც მშვიდობისკენ მოუწოდებს, სწორედ ამის მანიშნებელია. პროექტმა ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა საკუთარი თავი ეპოვათ და ახალგაზრდებს შორის ახალი ლიდერები მიგვეღო, რომელთაც უდიდესი ენთუზიაზმი აქვთ. მათ არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელეს, რომლებიც მნიშვნელოვანია პირველ რიგში, იმ თემისთვის, სადაც ისინი ცხოვრობენ”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება აფასებს და კონკრეტული აქტივობებით მხარში უდგას მსგავსი პროექტების განხორციელებას და ეს არის ის მიმართულება, სადაც ნათლად არის გამოკვეთილი თანამშრომლობა ხელისუფლებასა და საერთაშორისო არასამთავრობო სექტორს შორის. გივი მიქანაძემ ახალგაზრდებს პარლამენტის და უშუალოდ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ, ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე ინფორმაცია მიაწოდა და იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც 1 ნოემბრიდან ამოქმედდება და საჯარო სამსახურებში ახალგაზრდების სტაჟირების გავლის ახალ მიდგომებს ისახავს მიზნად.
„ახალგაზრდობა ეს არის ჩვენი მომავალი, რომელზეც აქცენტები მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს და კეთდება კიდეც, თუმცა ეს აქცენტები კიდევ უფრო გაფართოვდეს და სხვადასხვა მიმართულებებით დაინერგოს. აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობა, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობების მონაწილეობა და ეს კარგად ჩანს დღევანდელ ღონისძიებაზეც”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
კონფერენციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული თემებიდან და სომხეთიდან 60-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებმა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, კონფლიქტით დაზარალებულ თემებში ცხოვრების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ახალგაზრდების ხედვები წარადგინეს და საკუთარ გამოცდილებებზე ისაუბრეს.