ალიევის ვიზიტის მთავარი გზავნილები – რა შეფასებები კეთდება ოფიციალურ თბილისსა და ბაქოში

შვიდწლიანი ინტერვალის შემდეგ, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი იმყოფებოდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.

მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებისა და ურთიერთსაჭიროებების შესახებ გზავნილები, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები, მათ შორის, ენერგეტიკასა და ტრანსპორტის სფეროში – ეს ის მთავარი საკითხებია, რაზეც ვიზიტის დასასრულს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ალიევმა და ღარიბაშვილმა გაამახვილეს ყურადღება.

ვიზიტის ოფიციალური მხარე: მშვიდობა და ენერგორესურსები

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არსებული მაღალი დონის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხებისა და ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომლებიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობასა და თანამშრომლობას. ასევე, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები, შევეხეთ, ბუნებრივია, რეგიონში არსებულ ვითარებას და ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით”, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საკითხს მეტი კონკრეტიკა შესძინა: „გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება – ბოლო 9 თვის განმავლობაში გადავცდით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ბრუნვას. აზერბაიჯანიდან საქართველოში ინვესტირებულია მნიშვნელოვანი თანხები, ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას. 3 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული საქართველოში და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ორმხრივი სარგებლის მომტანი ინვესტიციები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, გავცვალეთ მოსაზრებები იმ პროექტების თაობაზე, რომლებიც განხორციელებული გვაქვს. საოპერაციო კუთხით ძალიან წარმატებულია ეს პროექტები და მოუთმენლად ველით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე”, – განაცხადა ალიევმა პრესკონფერენციაზე.

გეგმები, რომელთა განხორციელებასაც აზერბაიჯანი იმედოვნებს, ასე გამოიყურება: 22 მილიონი კუბური ტონა ბუნებრივი აირის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება მომდევნო წლებში. წელს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს, გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით, რის საშუალებაც აზერბაიჯანს აქვს. 2027 წლისთვის ევროპაში საექსპორტოდ თითქმის 20 მილიარდი კუბური ტონა ბუნებრივი აირის გატანა იგეგმება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ასევე, იმედოვნებს, რომ საქართველო იქნება მნიშვნელოვანი რგოლი აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობებში, რათა, როგორც პრეზიდენტი ალიევი ამბობს, „კავკასიაში დაისადგუროს მშვიდობამ და გაჩნდეს ურთიერთთანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.“

აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც.

„რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევის პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას… ჩვენ შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესის დაწყების თაობაზე. ეს, რა თქმა უნდა, დიდ იმედს გვაძლევს. აქვე მინდა, დავადასტურო კიდევ ერთხელ, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას,  გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ. აქვე მინდა, აღვნიშნო, რა თქმა უნდა, რომ აღნიშნული მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება, და მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ”, – განაცხადა პრემიერმა.

ალიევის ვიზიტის შეფასებები: საქართველოს როლი და შესაძლებლობები

ილჰამ ალიევის ვიზიტს ქართველი და აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები და სფეროს ექსპერტები დადებითად აფასებენ და მას “მნიშვნელოვანს” უწოდებენ.

რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, ზაალ კასრელიშვილის განმარტებით, ამ ვიზიტით დადასტურდა, რომ საქართველო ევრაზიული კორიდორის გადამწყვეტი  ნაწილი ხდება.

“იდეალური ვარიანტი გაჩნდა:  ყაზახეთის და თურქმენეთის ენერგომატარებლები კასპიის  ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით  თურქეთში ჩავა  და  მთელს ევროპაში თურქეთიდან განაწილდება.   ილჰამ ალიევი ამ გზავნილით ჩამობრძანდა.    ჩვენი ღრმა რწმენით,  ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები დაგვიტოვა.  ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ალიევი   აქ ნიადაგის მოსასინჯად  იყო ჩამოსული.  დარწმუნებულები ვართ, ყაზახეთსა და თურქმენეთთან   მას უკვე ნალაპარაკები აქვს და გარკვეული ტიპის შეთანხმება მიღწეულია. საქართველოში ენერგომატარებლები აღმოსავლეთიდან  გამოივლის  და  თურქეთამდე მივა.  საქართველო  ევრაზიული კორიდორის გადამწყვეტი  ნაწილი ხდება. ეს არის   გაორმაგებული ეკონომიკური შემოსავლები, კეთილდღეობა და უსაფრთხოება. წარმოიდგინეთ,  თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სასიცოცხლო ინტერესებშია, რომ საქართველოში  მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ევროპელებისთვისაც  სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოში მშვიდობა  და სტაბილურობა იყოს, რადგან თავის ენერგომატარებლებს სწორედ  ამ გზით მიიღებენ.  ამის შემდეგ,  ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, საქართველოზე ზეწოლის შემთხვევაში  არა მარტო  შეშფოთებას გამოხატავენ,  არამედ   თანამონაწილეები იქნებიან იმაში, რომ ჩვენ პრობლემები ერთობლივად მოვაგვაროთ. ეს საქართველოს ძალიან პერსპექტიულს ხდის. როგორც ადრე,  ისე ახლაც, მნიშვნელოვან ფუნქციას და ადგილს ვიკავებთ“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

სამხედრო ექსპერტი და ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე კი აღნიშნავს, რომ “დღევანდელ ადუღებულ მსოფლიოში, აქტიური სამეზობლო და რეგიონული პოლიტიკის წარმოება, სანდო და მეგობრული პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბება სამეზობლოში, მნიშვნელოვანია”.  მისივე თქმით, ვიზიტი ეკონომიკის, განსაკუთრებით – ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკის კუთხით არის მნიშვნელოვანი.

ანალოგიური შეფასებები კეთდება აზერბაიჯანშიც.

“იმ დროს, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობები ყალიბდება, საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების განვითარების კუთხით”, – წერს ადგილობრივი გამოცემა Trend-ი.

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი, ემინ ღარიბლი კი ამბობს, რომ, გლობალურ და გეოპოლიტიკურ ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებების გამო, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი პრიორიტეტული ხდება.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის მთავრობა პორტების, თავისუფალი ეკონომიკური ზონების,  სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობაზე პრეფერენციებს იყენებს. ამ მოვლენების გათვალისწინებით, ეკონომიკური ურთიერთობები უმჯობესდება არა მხოლოდ TITR-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, არამედ – ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნებს შორის. ამ დერეფნის ფარგლებში, აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს ასრულებენ, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ეკონომიკას, ასევე, თურქეთის, თურქმენეთისა და სხვა ქვეყნების ეკონომიკებს, ითანამშრომლონ და ინტეგრირდნენ მსოფლიო ეკონომიკაში,” – თქვა აზერბაიჯანელმა ექსპერტმა.

აღსანიშნავია, რომ ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში უკანასკნელად 2015 წლის ნოემბერში, მაშინაც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით იმყოფებოდა. მანამდე კი, 2014 წელს „თბილისის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, როდესაც საქართველოში, პრეზიდენტ მარგველაშვილის მოწვევით, თურქეთის პრეზიდენტთან ერთად ჩამოვიდა.
2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის რანგში მეორე ოფიციალური ვიზიტი სწორედ ბაქოში განახორციელა და ილჰამ ალიევს სტუმრობდა. მაშინაც, 2012 წლის 26 დეკემბერს ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი იყო.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ოფიციალური ვიზიტი 24 ოქტომბერს, გვიან ღამით დაასრულა და თბილისიდან გაფრინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები