“აზერბაიჯანი-საქართველოს კავშირი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან პოზიციას იძენს, ის რეგიონულ ტენდენციებს აყალიბებს” – აზერბაიჯანელი ექსპერტები

იმ დროს, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობები ყალიბდება, საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების განვითარების კუთხით.

ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი წერს.

აღნიშნულია, რომ მედიისთვის გაკეთებული განცხადებების დროს აზერბაიჯანისა და საქართველოს პირველმა პირებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება, კერძოდ, ბაქოსა და თბილისის წამყვან როლზე იმ სატრანსპორტო დერეფნებში, რომლებიც რეგიონში, გეოპოლიტიკური გავლენის გამო, ხელახალ ფორმას იძენს.

გამოცემასთან საუბრისას ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა, ემინ ღარიბლიმ თქვა, რომ, გლობალურ და გეოპოლიტიკურ ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებების გამო, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი პრიორიტეტული ხდება.

„ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის მთავრობა პორტების, თავისუფალი ეკონომიკური ზონების, ასევე, სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობაზე პრეფერენციებს იყენებს. ამ მოვლენების გათვალისწინებით, ეკონომიკური ურთიერთობები უმჯობესდება არა მხოლოდ TITR-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, არამედ ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნებს შორის. ამ დერეფნის ფარგლებში, აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს ასრულებენ, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ეკონომიკას, ასევე, თურქეთის, თურქმენეთის და სხვა ქვეყნების ეკონომიკებს, ითანამშრომლონ და ინტეგრირდნენ მსოფლიო ეკონომიკაში,” – თქვა მან.

ექსპერტმა არ გამორიცხა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნის გავლით ტვირთის გადაზიდვაზე მოთხოვნა გაიზარდოს.

„იმ მოვლენების ფონზე, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაშია, აზერბაიჯანმა უნდა გაზარდოს საექსპორტო პოტენციალი შემდგომი სტაბილური ეკონომიკური ზრდისთვის“, – დასძინა ღარიბლიმ.

თავის მხრივ, ეკონომიკის ფილოსოფიის დოქტორმა, ილგარ ველიზადემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სიმძლავრის გაზრდა არის ფუნდამენტური მომენტი, რომელიც რეგიონში ეკონომიკური დინამიკის ბუნებას ასახავს.

“ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტი რეგიონულ დონეზე გადამწყვეტი ხასიათისაა. ეს მარშრუტი უზრუნველყოფს ტვირთების ნაკადს აზიიდან ევროპაში და პირიქით, იმ მარშრუტების ფაქტიური ბლოკირების პირობებში, რომლებიც აზიის ქვეყნებს ევროპასთან რუსეთის გავლით აკავშირებს. TITR იძენს სტრატეგიულ მნიშვნელობას რიგი სახელმწიფოებისთვის და აქ აზერბაიჯანი-საქართველოს კავშირი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან პოზიციას იძენს, რომელიც რეგიონულ ტენდენციებს აყალიბებს“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები