„რესპუბლიკა გურია“ – ოზურგეთის თეატრის სპექტაკლი რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე
1 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება ოზურგეთის თეატრის სპექტაკლი – „რესპუბლიკა გურია“ (ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლი).
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციით, ნოემბრის თვის დასაწყისში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი საგასტროლო ტურნეს თბილისში, რუსთავსა და გორში გამართავს, რომლის მიზანი ოზურგეთის თეატრის შემოქმედებისა და ქართული დრამატურგიის პოპულარიზაციაა. საგასტროლო ტურნე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში გურიის თემატიკაზე დადგმული სპექტაკლებით მაყურებელს გავაცნობთ გურიის ბოლო 200-წლოვანი ისტორიის მნიშვნელოვან ეპიზოდებს, მიუხედავად რეგიონულ თეატრებში არსებული სირთულეებისა, მაყურებელს ვაჩვენებთ, როგორი შემოქმედებითი სიცოცხლე არსებობს ოზურგეთის თეატრში“, – ნათქვამია ოზურგეთის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.