პრეზიდენტი მარიამობისთვის პატიმრებს აღარ შეიწყალებს
მარიამობის დღესასწაულისთვის პატიმრების ტრადიციული შეწყალება აღარ მოხდება. ზვიად ქორიძემ აღნიშნულის მიზეზად სამი კვირის წინ პრეზიდენტის მიერ საკმაოდ მასშტაბური – 280 მსჯავრდებულის შეწყალება დაასახელა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, ივლისის ბოლოს საპატიმროები 169 მსჯავრდებულმა დატოვა, დანარჩენებს კი სასჯელი შეუმსუბუქდათ. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადების შეტანა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, მაგრამ თუ როდის მოხდება პატიმართა მორიგი შეწყალება, ჯერჯერობით უცნობია.
„პრეზიდენტმა შეწყალების აქტი 31 ივლისს გამოაცხადა. ეს საკმაოდ უპრეცედენტო შეწყალება იყო, ძალიან ბევრი მსჯავრდებული – 280 შეიწყალა, აქედან 169 ადამიანმა იმ დღესვე დატოვა საპატიმრო დაწესებულებები. რა თქმა უნდა, ასეთი შეწყალების აქტის შემდგომ სამ-ოთხ კვირაში მორიგი შეწყალება არაადეკვატური იქნებოდა“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.