ეკა ბესელია გირგვლიანის საქმეზე სხვა პირთა ბრალეულობის გამოვლენას აანონსებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, ოლეგ მელნიკოვის აღიარებითი ჩვენებას ეხმაურება. ბესელიას თქმით, შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებაც და იმ პირთა რაოდენობაც, ვინც საქმეში ფიგურირებს.
„ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ პირდაპირ მოგვცა ჩვენ – საქართველოს სახელმწიფოს დირექტივა, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ჩატარდეს დამატებითი გამოძიება, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია გაფართოვდეს ბრალდებაც და სხვა პირებიც, რომლებსაც აქამდე ხელი ჰქონდათ დაფარებული და არ ჩნდებოდნენ საქმეში იმიტომ, რომ ეს საქმე ყალიბდებოდა. ასეთი ადამიანები უკვე გამოჩნდნენ. თუ პირი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ის საპროცესო სატატუსით იძლევა ღირებულ ჩვენებას, შესაძლებელია კანონითვე გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება და ეს, ბუნებრივია, არ გულისხმობს პირის გამართლებას“, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ოლეგ მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისცა. იგი გირგვლიანის საქმის ყველა ეპიზოდზე თავს დამნაშავედ თვლის. როგორც მან აღნიშნა, დათა ახალაიამ დაწერილ ჩვენებაზე ხელი მოაწერინა. ამასთან, მელნიკოვმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილს ახლდა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა.