სეზანმა სიცოცხლეში ერთხელ დატოვა საფრანგეთი, რასაც ხელი არ შეუშლია, მსოფლიოში ყველაზე ცნობად მხატვრად ქცეულიყო

პოლ სეზანი (1839-1906) სამართლიანად ითვლება თავისი დროის უდიდეს რეფორმატორად, ვინც უდიდესი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის სახვით ხელოვნებაზე და დღემდე ინარჩუნებს ძალას, კვლავ აკვირდებოდნენ და ბევრ რამეს სწავლობდნენ მისგან. ამ უწყვეტ ზეგავლენას ადასტურებს გამოფენა, რომელიც ამ დღეებში გაიხსნა ლონდონის „ტეიტ მოდერნში“. აღნიშნული გამოფენა ხუთ თვეს გაგრძელდება და ამ მხრივ მოხსნის ყველა რეკორდს, რომელიც ამ გალერეის არსებობის განმავლობაში რომელიმე მხატვარს ჰქონია. აქამდე პიკასო ლიდერობდა, რომელსაც სამ თვეზე მეტხანს დაეთმო ეს დარბაზები.

სეზანის ექსპოზიცია 80-ზე მეტ სურათს აერთიანებს, რომელიც თავმოყრილია ევროპის, აზიისა და ამერიკის მუზეუმებიდან და კერძო კოლექციებიდან. მათ შორის 22 ნამუშევარს ლონდონის დამთვალიერებელი პირველად გაეცნობა. გამოფენა მხატვრის ადრეული ავტოპორტრეტით იხსნება, სანამ ის პარიზში დაიმკვიდრებს თავს. იმხანად ის 32 წლის თუ იქნება, არადა გაცილებით ასაკოვან კაცად წარმოგვიდგება. ალბათ ეს იმის მაუწყებელია, რომ ამ ასაკში ის უკვე პროფესიულად მოწიფული და ჩამოყალიბებული მხატვარი იყო.
ის იყო დიდი მარტოსული, ორიოდ ერთგული მეგობარი ჰყავდა ემილ ზოლას და კამილ პისაროს სახით და ამით უზომო ბედნიერებას განიცდიდა. კი ითვლებოდა იმპრესიონისტების მიმდევრად და მთავარ ფიგურად, მაგრამ მათგან პრინციპულად განსხვავებული მოსაზრებები და გაგება გააჩნდა მთელ რიგ მხატვრულ საკითხზე. ის იყო წინასწარმეტყველი, მუდამ ახლის შემეცნებით და აღბეჭდვით დაინტერესებული.
სეზანმა ერთადერთხელ იმოგზაურა საზღვარგარეთ, 1890 წელს ცოლ-შვილთან ერთად შვეიცარიას ეწვია. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ მარადისობისთვის თვალი გაესწორებინა. არც გენიალური ამერიკელი პოეტი ემილი დიკინსონი გაშორებია ოდესმე თავის ამჰერსტს, მაგრამ მსოფლიოს დღემდე აოცებს.

სეზანს ლამის მიზანტროპად მოიხსენიებდნენ მისი თანამედროვენი. ის მართლაც იყო სკეპტიკოსი, განდგომილი და ხშირად ენამწარე ადამიანი. რა პარადოქსია, რომ მას არ მოსწონდა არც რენუარი და არც გოგენი. თვლიდა, რომ ისინი მავნე ზეგავლენას ახდენდნენ თანამედროვე სახვით ხელოვნებაზე და ხელს უშლიდნენ მის განვითარებას. ის ფიქრობდა, რომ „გოგენი არ არის მხატვარი, მისი ნამუშევრები კი უბრალოდ ბრტყელი ჩინური სურათების მსგავსია”. დრომ ცხადყო, რომ სეზანი გადაჭარბებულად მკაცრი იყო გოგენის მიმართ. შარშან გამოქვეყნებულ ათ უძვირეს სურათს შორის მოხვდნენ სეზანიც და გოგენიც, სეზანის „ბანქოს მოთამაშეები” 274 მილიონი დოლარი ღირს, გოგენის „როდის გათხოვდები“? კი 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
სეზანს მთელი ცხოვრება უკმაყოფილების განცდა უხრავდა გულს, ეჭვიანობდა, რომ სრულყოფილებას ვერ მიაღწია ხელოვნებაში. ძალიან მომთხოვნი იყო საკუთარი თავის მიმართ. დრომ კი გააქარწყლა მისი შიში, ის თავისი სურათებით მართლაც მშვენიერების და სრულყოფილების შეუდარებელ სიმაღლეს მისწვდა. მისი ნებისმიერი სურათის წინ განიცდი არა მარტო აღფრთოვანებას, არამედ ისინი გიბიძგებს ფიქრისკენ, აზროვნებისკენ. მას მტკიცედ სწამდა, რომ მარტოოდენ ხატვის ცოდნით ვერაფერს გახდები, აუცილებელია აზროვნებდე კიდეც. სწორედ ამ გარემოებამ აქცია სეზანი წინასწარმეტყველად. მან აშკარად გაუსწრო დროს თავისი რევოლუციური სიახლით ფერწერაში. ამ მონაპოვარს დაეყრდნო მთელი მეოცე საუკუნე პიკასოს, ბრაკის და მატისის სახით.
და მისი გარდაცვალებიდან 116 წლის შემდეგ იგი ჩანს კიდევ უფრო გამძლე და კვლავაც შთამაგონებელი. ასობით თანამედროვე მხატვარი რჩება სეზანთან საშვილიშვილო ვალში. თუნდაც, ინგლისელთა მიერ გაფეტიშებული და ცოცხალი ლეგენდა დევიდ ჰოკნი. ბოლო 15 წელიწადში შექმნილი მისი გიგანტური პეიზაჟები სეზანის გარეშე ვერ დაიბადებოდა…
სამ საუკუნეს გადმოსწვდა სეზანის ძალა და ჩაუმქრალი წადილი, ჩასწვდეს საგნის, მატერიის არსს. ალბათ ამან თუ ათქმევინა პიკასოს, რომ „სეზანი ჩვენი ერთადერთი მასწავლებელი იყო, შეიძლება ითქვას, რომ იგი იყო ყველა ჩვენგანის მამა“.
უყურებ თეით მოდერნში თავმოყრილ სეზანის სურათებს და გრძნობ, რომ ყველა მათგანი გთხოვს შეყოვნებას, ხანგრძლივად ჭვრეტას და მათში დაბუდებული იდუმალების მოსმენას. თითქოს საგნების გარშემო შემორკალური აურა იწყებს კრთომას და ლიცლიცს.
ამ პეიზაჟების, ნატურმორტებისა და ადამიანთა სხეულების ხილვა, სულ უფრო გაახლოებს ბუნებასთან. სავსებით ეზიარები და ითავისებ სეზანის შეხედულებას, რომ: „ბუნების არსი ზედაპირზე არ დევს. ის სიღრმეშია. ფერები ამ სიღრმის ზედაპირზე გამოტანაა და ისინი სამყაროს ფესვებიდან მომდინარეობს”… ასე ძალუმად გრძნობდა იგი საკუთარ თავში ბუნებისა და ხელოვნების კავშირს, ივსებოდა ამ ულევი ენერგიითა და სიახლით, რომელიც მის ნებისმიერ, თუნდაც დაუსრულებელ ნამუშევარს ატყვია.
ნატურმორტი სეზანამდე ყველაზე დაბალ ღობედ და მოკრძალებულ ჟანრად მოჩანდა, მაგრამ სეზანმა მას ახალი სიცოცხლე შთაბერა. ჩვეულებრივ ხილსა და სუფრის აქსესუარებს მან სურათებში იმგვარი ავტონომია მიანიჭა, რომელიც მკვეთრად, თითქოს „პერსონალურად“ გამახსოვრდება. ჩვენ მათ სამ განზომილებაში ვხედავთ და თითქოს ქანდაკებებივით გარშემო ვუვლით, ყველა რაკურსით შეგვიძლია მათი მოხილვა და შეფასება. რაც მთავარია, იმგვარ ესთეტიკურ მშვენიერებას და ხელშესახებობას გვაგრძნობინებს ეს საგნები, რომ მათი დავიწყება შეუძლებელი ხდება. სეზანამდე საგნების თანაცხოვრება ამგვარად მძაფრი და ცოცხალი არავის გაუხდია!

სეზანის მიერ მოხელთებული პეიზაჟიც მანამდე უცნობი საოცრებაა, სადაც ჰაერიც კი ხილვადი და საგრძნობია, მსგავსი რამ პოეზიაში მე გალაკტიონთან განმიცდია, როცა ის ამბობს: „სარკოფაგიდან დგება მუმია. რა სიჩუმეა. ჰაერი ლურჯი აბრეშუმია…მზიანი დღეა თუ სამუმია”. ლურჯი აბრეშუმის სიმსუბუქე და მთრთოლვარება ატყვია სეზანის პეიზაჟს.
სეზანის გამოფენა სპარსულ ხალიჩაზე მოთავსებული სამი თავის ქალით მთავრდება. ეს მართლაც ფილოსოფოსის და მოაზროვნის წარმოსახვაა: ხალიჩის ფერად ყვავილებში ფეხმორთხმული სიკვდილი!
მაგრამ ეს არ არის ექსპოზიციის დასასრული, ბოლო აკორდი გამოფენიდან გამოსვლის უმალ იწყება. გგონია, რომ ზღურბლს საბოლოოდ გადმოაბიჯე, მაგრამ არა, ისევ მხატვრის სამყაროში აღმოჩნდები. მნახველის თვალწინ იშლება მხატვრის ექს-ან-პროვანსის სახლის ინტერიერი, როგორც ეს იყო მხატვრის სიცოცხლეში. და ამ გიგანტურ ფოტოზე იპოვით ყველა იმ საგანსა თუ აქსესუარს, რასაც სეზანი თავისი სურათების გარემოს შესაქმნელად იყენებდა.
თითქოს სადაცაა სკამის გამოწევის ხმასაც გავიგებთ, რომელზედაც მხატვარი ჩამოჯდება და გაფაციცებით მიადევნებს თვალს, როგორ რეაგირებს მნახველი მის ბოლო გამოფენაზე? ჩააბარა ცხოვრების გამოცდა? მიაღწია კი სრულყოფილებას ხელოვნებაში?!

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები