ლოიდ ოსტინმა სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბარი გამართა
აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და სერგეი შოიგუმ სატელეფონო საუბარი გამართეს.
მინისტრებმა „საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის, უკრაინაში არსებული ვითარება“ განიხილეს.
პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “თავდაცვის მდივანმა ოსტინმა ხაზი გაუსვა კომუნიკაციის შენარჩუნების მნიშვნელობას, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე”.
შოიგუსთან საუბრის შემდეგ, ოსტინი უკრაინელ კოლეგას, ალექსეი რეზნიკოვს დაუკავშირდა და “დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის უნარს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას”.
უკანასკნელად შოიგუსა და ოსტინს შორის საუბარი 13 მაისს გაიმართა, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ პირველი საუბარი იყო.