მწერალთა სახლში, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზური ენის დღე აღინიშნა
აფხაზური ენის დღის აღსანიშნავად მწერალთა სახლში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული „ქართველი და აფხაზი მწერლების ერთობლივი წიგნისა“ (გურამ ოდიშარიას რომანის „პრეზიდენტის კატა“ აფხაზურენოვანი და დაურ ნაჭყებიას რომანის „ღამის ნაპირი“ ქართული თარგმანები ერთ წიგნად) და დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობის“ აფხაზურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
მწერალთა სახლში გამართულ ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
თეა წულუკიანმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა – მიულოცა აფხაზური ენის დღე, აღნიშნა აფხაზურის უნიკალურობა და, ამავდროულად, განუყოფელი ადგილი ქართულ მწერლობასა და კულტურაში.
„მიმდინარე წელს, კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და ხელშეწყობით, კონკურსი „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ გაიმართა.
კონკურსის მიზანი, თანამედროვე ლიტერატურის ნიმუშების თარგმნით, ქართულ-აფხაზური და ქართულ-
ოსური ლიტერატურული და ურთიერთობების აღდგენა და გაღრმავება გახლდათ. სწორედ აღნიშნული კონკურსის ფარგლებში ითარგმნა და გამოიცა გურამ ოდიშარიას რომანი „პრეზიდენტის კატა“ აფხაზურად (მთარგმნელი – დაურ ნაჭყებია) და დაურ ნაჭყებიას რომანი „ღამის ნაპირი“ ქართულად (მთარგმნელი – გურამ ოდიშარია); პროექტი განახორციელა ა(ა)იპ ახალგაზრდა ხელოვანთა ცენტრმა. ამავე კონკურსის ფარგლებში ითარგმნა დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ აფხაზურ ენაზე (პროექტის განმახორციელებელი – ა(ა)იპ საზოგადოება აფხაზური სახლი, მთარგმნელი ირმა ოსია-კინწურაშვილი).
კულტურის სამინისტროს კონკურსის „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ მესამე გამარჯვებული პროექტი „თანამედროვე ოსი მწერლის, მერი ცხოვრებოვას მოთხრობების ქართულ ენაზე გამოცემა“ გახლავთ; პროექტის განმახორციელებელი – ა(ა)იპ საერთაშორისო საზოგადოება კავკასიური მოზაიკა; მთარგმნელები: ნაირა ბეპიევი და ნინო პოპიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ წელს პირველად გამოცხადდა.
კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენდა 50 000 ლარს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.