კახა კახიშვილი კატარის სახელმწიფოს ინვესტორთა დელეგაციის წევრებს შეხვდა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კახიშვილი კატარის სახელმწიფოს ინვესტორთა დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში ინვესტირების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა იმ სექტორებზე, რომლებსაც საქართველოში ინვესტირების კუთხით აქვთ უპირატესობა.
როგორც კახა კახიშვილმა აღნიშნა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხში ჩართულია როგორც საკანონმდებლო, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლება.
„გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა კატარის სახელმწიფოს ინვესტორთა დელეგაციის წევრებთან. ისინი დაინტერესებულნი არიან ინვესტიციებით საქართველოში. ჩვენთვის ეს არის შესაძლებლობა, რომ კარგი გათვლილი ინვესტიციით ხელი შევუწყოთ ქვეყნის განვითარებას. საუბარი გვქონდა ტურიზმის განვითარებაზე, სასტუმრო ბიზნესზე, ასევე, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებზე. ამ ეტაპზე, ისინი ეცნობიან ვითარებას საქართველოში. მოხარულები არიან, რომ საქართველო არის ყველა საერთაშორისო რეიტინგში მოწინავე ადგილზე. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მათ შესთავაზა რამდენიმე პროექტი. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართულნი არიან ხელისუფლების როგორც საკანონმდებლო, ისე – აღმასრულებელი ორგანოები”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.