დავით სეერგეენკო: ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობის სამკურნალო სამედიცინო დახმარებას სახელმწიფო დააფინანსებს

  • ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში პაციენტის სამკურნალო ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ნარკოტიკულ ზედოზირებასთან დაკავშირებული ინიციატივა, მხოლოდ ნაწილია იმ დიდი სტრატეგიისა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და რომლისთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანია მისი ნებისმიერი მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. “ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ორი ვექტორი ლოგიკურ მიმართულებაში მოვიყვანოთ და ეს ინიციატივაც ერთ-ერთი ნაწილია იმისა, რომ ადამიანებს ფსიქოლოგიური ბარიერი მოეხსნათ. ამიერიდან ნარკოტიკული ზედოზირების მდგომარეობა აღარ დაექვემდებარება პოლიციისთვის სავალდებულო შეტყობინებას და უფრო მეტიც, ზედოზირების მდგომარეობის სამკურნალო სამედიცინო დახმარებას უკვე სახელმწიფო დააფინანსებს”, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. მისივე განმარტებით, არავინ დასჯილა ბოლო ორი წლის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებისა და სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის გამო, ეს იყო უბრალოდ ფსიქოლოგიური შემაკავებელი ფაქტორი და ესეც მოიხსნა. ექიმს აღარ ექნება ვალდებულება, პაციენტის მხოლოდ ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში პოლიციას აცნობოს. პაციენტის ზედოზირების მდგომარეობის შესახებ სამართალდამცველ ორგანოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ სახეზეა დამატებითი გარემოებები, რომლებიც პოლიციისთვის ცნობის გადაცემას კანონით ისედაც ექვემდებარება. ესენია: ყველა ტრავმული და ტრავმაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე; უეცარი სიკვდილის ყველა შემთხვევა; ნაძალადევი სიკვდილის ყველა შემთხვევა; მოწამვლაზე საეჭვო შემთხვევა, როცა პაციენტი იმყოფება უგონო მდგომარეობაში, ან ავადმყოფი მიუთითებს ნაძალადევ ქმედებაზე; ქიმიური ან რადიაციული მოწამვლის ყველა და კვებითი ტოქსიკოინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევა; საავადმყოფოში გვამის მოყვანიდან, ან 24 საათში სიკვდილის ყველა შემთხვევა, თუ ის უკავშირდება ნაძალადევ ქმედებას. ცვლილებების შესახებ ბრძანება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები