ირაკლი ქადაგიშვილი – სანქციებზე: ეს უსუსური გადაწყვეტილება მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ მოახდინონ შანტაჟი, ზეწოლა საქართველოზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის მიერ საქართველოს რამდენიმე მოქალაქისთვის სანქციების დაწესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება უსუსურია და მისი მიზანი საქართველოზე ზეწოლაა.
„ომის განმავლობაში და ომამდეც საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების დამოკიდებულება არგუმენტებსა და ფაქტებს მოკლებულია. ამის ნათელი სურათი ყოველ ჯერზე დავინახეთ, დაწყებული მათი ბრალდებებით. ყველა ნაბიჯის შინაარსი არის ერთადერთი, მათ უნდათ, საქართველო იყოს ჩართული ომში რუსეთის წინააღმდეგ. თვლიან, რომ ფრონტზე მათი მძიმე მდგომარეობა შემსუბუქდება. საქართველო ასეთ ნაბიჯს არ დგამს. აქედან გამომდინარე, ეს უსუსური გადაწყვეტილებაც მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ მოახდინონ შანტაჟი, ზეწოლა საქართველოზე. რა ვქნათ, სამწუხაროდ, ასეთია მათი დამოკიდებულება და ხედვა საქართველოზე. საქართველოს დამოკიდებულება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ არის აბსოლუტურად განსხვავებული და კეთილმოსურნე. ეს მოქმედება მიჰყვება შემდეგ ლოგიკას, საქართველოს გარშემო მუდმივად შექმნან უარყოფითი აურა. რა თქმა უნდა, მათ მოკავშირეებს საქართველოში, თუნდაც„ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მასთან ასოცირებულ სხვადასხვა სატელიტურ ორგანიზაციას საკვები მისცენ, რომ პროვოკაციული სიუჟეტები მოამზადონ. ეს არის მთელი ლოგიკა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოს მოქალაქეებს: ალექსანდრე ივანიშვილს, ქეთევან ხარაიძეს, უჩა მამაცაშვილს, ტიტე მამაცაშვილს და რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.