არმაზ ახვლედიანი: ერთსულოვნებას საქართველომ შეიძლება, მიაღწიოს მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ შიდაპოლიტიკურ საკითხებში ჩვენ გვექნება თანხმობა
პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა საქართველოს პარტნიორებთან სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე პოლიტიკური სპექტრის ერთიანი პოზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მიმაჩნია, რომ ნორმალურ ვითარებაში საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე ერთიანობა, ერთიანი პოზიცია უნდა იყოს. თუ საქართველოს მიმართ ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი – შეერთებული შტატები უმთავრესად ახერხებს, რომ ორპარტიული მხარდაჭერა გამოხატოს, ხომ შეიძლება, ინატრო, ისურვო ან იოცნებო ადამიანმა, რომ საქართველოშიც დადგეს ისეთი დრო, როდესაც ერთსულოვნება იქნება ჩვენს პარტნიორებთან სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით. მაგრამ ამ ერთსულოვნებას საქართველომ შეიძლება მიაღწიოს მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუკი მთავარ შიდაპოლიტიკურ საკითხებში ჩვენ გვექნება თანხმობა და ეს მთავარი შიდაპოლიტიკური საკითხი, რა თქმა უნდა, არის საქართველოში დემოკრატიის ბედი, მისი სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივა”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.
პარლამენტის წევრმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის ინსტიტუტის რესურსების გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ხომ არ გეჩვენებათ, რომ მმართველი ძალა სათანადოდ არ იყენებს იმ რესურსს, რაც ჩვენს პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ელიტას გააჩნია? მაგალითად პრეზიდენტის ინსტიტუტს! უფრო მეტიც, ჩვენ ბოლო პერიოდში მოვისმინეთ და ვნახეთ უცნაური შეკითხვები პრეზიდენტის მიმართ, რომლის მიმართაც კითხვები ჩვენც, ოპოზიციასაც გვაქვს, მაგრამ ის, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, გახდეს და უნდა გახდეს აუცილებლად ჩვენი სახელმწიფოს უმთავრესი შემხიდებელი მთავარი საგარეო პოლიტიკური საკითხების მოგვარების საქმეში, ეს ცხადია და ვერ ვხვდები, რატომ არ ვიყენებთ ამ რესურსს”, – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.