მაია ბითაძე: 2012 წლიდან ვქმნით კანონმდებლობას, რომელიც 2005 და 2007 წელს ერთი ხელის მოსმით გაუქმდა – აი, ეს არის სისტემური დანაშაული

ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს პერფორმანსები მოენატრათ, მაგრამ ამჯერად ამისთვის ბავშვის გარდაცვალებას იყენებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერიასთან გამართულ დღევანდელ აქციას, რომლის მონაწილეებიც კახა კალაძის გადადგომას ითხოვდნენ.

მისი თქმით, თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა პასუხისმგებლობის აღების მზადყოფნის შესახებ, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მაშინ, როდესაც საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს.

როგორც ბითაძე მიიჩნევს, სისტემური დანაშაულები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს კანონების გაუქმებაა, რომელთა შედეგებს დღესაც ებრძვიან.

„2012 წლიდან ვქმნით კანონმდებლობას, რომელიც 2005 და 2007 წელს ერთი ხელის მოსმით გაუქმდა. ინსტიტუტები გაუქმდა, დარგები გაუქმდა და გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან დიდი პრობლემა აქვს სახელმწიფოს ექსპერტებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ 10 წლის განმავლობაში პრაქტიკულად უთხრეს ექსპერტებს – ჩვენ თქვენ არ გვჭირდებით და საერთოდ არ გვჭირდება კანონმდებლობა. არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის აქტით გამოცემული ტექნიკური რეგლამენტების დიდი ნუსხა, რომელიც მოქმედებდა დარგობრივი მიმართულებით და ერთ მშვენიერ დღეს გაუქმდა.

აი, ეს არის სისტემური დანაშაული და სისტემური დანაშაული ვერ იქნება წაყენებული იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც აღადგენს ამ კანონმდებლობას, ოღონდ ევროკავშირის სტანდარტებით. მაგრამ გავიგოთ, რომ ხანდახან ჩვენი ოპონენტები იყენებენ ყველაზე ბინძურ მეთოდებს იმისთვის, რომ თავიანთი „გადადექი, გადადექი“ გამოიყენონ ისევ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები